ისტორიული მომენტი — NASA-ს ვერტმფრენი მარსის ცაში აფრინდა #1tvმეცნიერება
14:52, 19.04.2021
კაცობრიობამ კიდევ ერთ ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია — NASA-ს ვერტმფრენი „ინჯენუიტი“ მარსის ცაში გაიჭრა და პირველად ისტორიაში, სხვა პლანეტაზე განახორციელა ძალური ძრავით აღჭურვილი მოწყობილობის კონტროლირებადი ფრენა.
„ინჯენუიტი“ წითელ პლანეტაზე თებერვალში ჩავიდა, მავალ „პერსევერანსთან“ ერთად, მის მუცელში ჩამონტაჟებული. ეს მინივერტმფრენი პირველი ამ სახის მოწყობილობაა და პირველი ტექნოლოგიური დემონსტრაციაა იმისა, რომ მარსის უკიდურესად თხელ ატმოსფეროში ძალური აგრეგატით აღჭურვილ მოწყობილობათა ფრენა შესაძლებელია.
დრონი-ვერტმფრენი სულ რაღაც 1,8 კილოგრამს იწონის და სამეცნიერო ინსტრუმენტებით აღჭურვილი არ არის, რადგან მისი მთავარი მიზანი ფრენის დემონსტრირებაა. გამომდინარე იქიდან, რომ მარსის ატმოსფეროს დედამიწის ატმოსფეროს სიმკვრივის მხოლოდ ერთი პროცენტი აქვს, „ინჯენუიტი“ აღჭურვილია კორპუსთან შედარებით არაპროპორციულად დიდი როტორული ფრთებით, რომლებმაც წუთში 2500 ბრუნს ასრულებს.
აპარატი წამში დაახლოებით ერთი მეტრის სიჩქარით ზედაპირიდან სამი მეტრის სიმაღლეზე ავიდა და 30 წამის განმავლობაში იფრინა, შემდეგ კი კვლავ ზედაპირზე დაჯდა.
პროცესი გადაიღო იქვე მყოფმა მავალმა „პერსევერანსმაც“. პირველ ფოტოზე ხედავთ თავად „ინჯენუიტის“ მიერ მაღლიდან გადაღებულ საკუთარ ჩრდილს, შემდეგ სურათაბზე კი „პერსევერანსის“ მიერ დაფიქსირებულ კადრებს.
— NASA’s Perseverance Mars Rover (@NASAPersevere) April 19, 2021
ერთი თვის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სირთულის ხუთი ფრენა.
დრონი-ვერტმფრენის შექმნა NASA-ს დაახლოებით 85 მილიონი დოლარი დაუჯდა; აპარატმა უნდა დაამტკიცოს კონცეფცია, რომელიც კოსმოსის კვლევებში რევოლუციას მოახდენს.
მომავალში, უფრო დახვეწილი საჰაერო ხომალდები გადაადგილებას მარსმავლებზე სწრაფად შეძლებენ და შეისწავლიან ისეთ რელიეფსაც, სადაც მავალი უბრალოდ ვერ მივა.