ისრაელის კოსმოსურმა მისიამ კრახი განიცადა - „ბერეშითი“ მთვარის ზედაპირზე ჩავარდა
ისრაელის კოსმოსურმა მისიამ კრახი განიცადა - „ბერეშითი“ მთვარის ზედაპირზე ჩავარდა

ისრაელის ისტორიული კოსმოსური მისია წარუმატებელი აღმოჩნდა. ხომალდმა, რომელიც მთვარეზე უნდა დამჯდარიყო, კრახი განიცადა.

ხომალდი „ბერეშითი” კომპანია „სფეისილმა“ და ისრაელის აეროკოსმოსურმა ინდუსტრიამ ააგო. ის ისრაელის და ზოგადად, კერძო სექტორის პირველი მისია უნდა გამხდარიყო, რომელიც მთვარეზე დაჯდებოდა. თუმცა, ციცქნა ხომალდმა ეს ვერ შეძლო და მთვარის რუხ ქანებს დაენარცხა. მისიის კონტროლის ცენტრმა ხომალდთან კავშირი მაშინ დაკარგა, როცა ის მთვარის ზედაპირიდან 149 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.

„სამწუხაროდ, კრახი განვიცადეთ, ვერ შევძელით წარმატებით დაჯდომა, თუმცა, რაც შევძელით, ესეც წარმოუდგენელი მიღწევაა”, – განაცხადა მისიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ოფერ დორონმა.

„თუ პირველ ცდაზე არ გამოგივიდათ, კიდევ უნდა სცადოთ”, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელიც „ბერეშითის“ დაჯდომის მცდელობას მისიის კონტროლის ცენტრიდან, ქალაქ იეჰუდში უყურებდა.

გამომდინარე აქედან, იმ ქვეყანათა რიცხვი, რომლებსაც მთვარეზე ხომალდი ჰყავთ დასმული, კვლავ სამი რჩება – საბჭოთა კავშირი, აშშ და ჩინეთი.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად საკმაოდ მცირე სიცოცხლისა, „ბრეშითმა“ მაინც ბევრი რამ მოასწრო. ხომალდი 2019 წლის 21 თებერვალს, „სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ 9-ით“ გაუშვეს. მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში, ის გარს უვლიდა დედამიწას, წარმატებით დაწვა უკვე არასაჭირო ძრავები და ორბიტას სულ უფრო ელიფსურს ხდიდა, რითაც მთვარეს თანდათან უახლოვდებოდა.

მისიის ფარგლებში, „ბერეშითმა“ სულ 6,5 მილიონი კილომეტრი გაიარა. მისიის ხელმძღვანელთა განცხადებით, ამხელა გზა მთვარისკენ მიმავალ არც ერთ სხვა ხომალდს არ გაუვლია.

4 აპრილს მისია გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ხომალდი მთვარის გრავიტაციამ დაიჭირა. „ბერეშითი“ მთვარის ორბიტას სულ უფრო ადაბლებდა, 10 აპრილს კი შეასრულა 32-წამიანი მანევრი, რომელმაც ის ძლიერ ელიფსურ ორბიტაზე გადატყორცნა. ამ ორბიტის უახლოესი წერტილი მთვარის ზედაპირთან სულ რაღაც 15-17 კმ სიმაღლეზე იყო, ყველაზე შორი კი 200 კმ-ზე.

დაჯდომის პროცესი ავტომატიზებულად, მთვარის ჩვენკენ მოქცეულ მხარეზე უნდა მომხდარიყო.

ხომალდს 2-3 დღის განმავლობაში უნდა ემუშავა, რა დროსაც გაზომავდა თავის განთავსების მიმდებარე ადგილების გრავიტაციულ ველს. „ბერეშითს“ ასევე თან მიჰქონდა ნასას მიერ შექმნილი პატარა ლაზერი – ტექნოლოგია, რომელიც გაზრდიდა მთვარის სამომავლო მისიათა დაჯდომის სიზუსტეს. თუმცა, „ბერეშითი“ თავისი არსით წმინდა სამეცნიერო მისია არ ყოფილა.

პროექტის ხელმძღვანელთა განცხადებით, მისიის უმთავრესი მიზანი იყო ისრაელის ტექნოლოგიური ცოდნის გაზრდა და ახალგაზრდების დაინტერესება მეცნიერებით, ტექნოლოგიებით, ინჟინერიითა და მათემატიკით.

ბერეშითმა“ ეს ყველაფერი უდავოდ მოახერხა – გავიდა მთვარის ორბიტაზე, მთვარის ზედაპირის სიახლოვიდან გამოგზავნა ფოტო და თითქმის დაჯდა კიდეც. მისიის ღირებულება გაშვების საფასურის ჩათვლით 100 მილიონი აშშ დოლარი იყო.

 

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.