ისნის მე-5 საოლქო კომისიამ ორი უბნის გადათვლა დაასრულა, ამჟამად განიხილება საჩივრები
ისნის მე-5 საოლქო კომისიამ ორი უბნის გადათვლა დაასრულა, ამჟამად განიხილება საჩივრები

ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიაში 16-ე და 26-ე საარჩევნო უბნების გადათვლა დასრულდა.

როგორც ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ფიქრია ნიკოლეიშვილმა განაცხადა, 16-ე უბანზე მხოლოდ ხელმოწერები იყო გადასათვლელი. რაც შეეხება ხოლო 26-ე უბანს, აქ კონკრეტული სუბიექტის ხმების გადათვლა უნდა მომხდარიყო, თუმცა მხოლოდ ხელმოწერების გადათვლა მოხდა.

„16-ე უბანზე მხოლოდ ხელმოწერები იყო გადასათვლელი. გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ ხელმოწერებში იყო ტექნიკური პრობლემა. მოხდა ხელმოწერების გადათვლა და ბალანსი დაჯდა სწორად, არანაირი სუბიექტის ხმაში არ ყოფილა შეცდომა. აქედან გამომდინარე, ამ უბნის ბიულეტენები არ გადაითვლება. 26-ე უბანს რაც შეეხება, კონკრეტული სუბიექტის ხმის გადათვლას დავიწყებთ ახლა“, – განაცხადა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ფიქრია ნიკოლეიშვილმა.

26-ე საარჩევნო უბანთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა, ნანა მინასიანმა. როგორც ის ამბობს, კომისიის თავმჯდომარემ ბიულეტენები არ გადათვალა, რითიც დღის წესრიგი დაარღვია.

„დამტკიცდა დღის წესრიგით, რომ უნდა გადათვლილიყო 16-ე და 26-ე უბნების ბიულეტენები, თუმცა კომისიამ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება, არ გადაეთვალა. საჭიროა, გაიხსნას ყველა კონვერტი, მათ შორის „ქართული ოცნების“ და მოხდეს გადათვლა. თუმცა მოხდა მასობრივად ხელახლა დალუქვა და ოლქის თავმჯდომარემ ის შეინახა. ვითხოვთ ბიულეტენების გადათვლას, რაც არ მოხდა“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო კომისიის წევრმა, ნანა მინასიანმა.

ამჟამად ისნის საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. სხდომის პარალელურად, შენობასთან აქცია გაიმართა.