მზის სისტემა ერთი ოჯახია, მაგრამ სამყაროში არსებობს პლანეტები, რომლებმაც ასეთი ოჯახები სურვილის მიუხედავად მაინც დატოვეს. მას შემდეგ, რაც ისინი ოჯახის გრავიტაციულ გავლენას ტოვებენ, განწირული არიან ვარსკვლავთშორის სივრცეში უმისამართო, სამუდამო ხეტიალისთვის, რომელიმე ვარსკვლავთან მიკუთვნების გარეშე.
ასტრონომებს მოსწონთ, როდესაც ასეთ მონავარდეებს „მოხეტიალე პლანეტებს“ უწოდებენ; ბოლო დროს მათი აღმოჩენის საქმეში წინაც წაიწიეს. ახლახან, ასტრონომთა ჯგუფმა ერთ-ერთი ასეთი მოხეტიალე პლანეტა აღმოაჩინა, რომელსაც დაახლოებით მარსის ან დედამიწის მასა აქვს.
წარმოუდგენლად ძნელია ღრმა კოსმოსში რაიმე ისეთის პოვნა, რომელიც საკუთარ სინათლეს არ გამოყოფს. თუმცა, ორმა ორგანიზაციამ ახლახან სწორედ ეს შეძლო. ესენი გახლავთ ოპტიკური გრავიტაციული ლინზირების ექსპერიმენტის კოლაბორაცია (OGLE) და კორეის მიკროლინზირების ტელესკოპთა ქსელი (KMTN).
ამ ორი ჯგუფის მეცნიერები დაბალმასიანი მოხეტიალე პლანეტის აღმოჩენის შესახებ იუწყებიან. მის სიახლოვეს არანაირი ვარსკვლავი არ არის და დაუდასტურებელია დედამიწამდე მანძილიც.
ჯგუფის განცხადებით, აღმოჩენა ამტკიცებს, რომ მიკროლინზირების მეთოდი ეფექტიანია კოსმოსში თავისუფლად მონავარდე დედამიწის მასის პლანეტათა აღმოსაჩენად.
კვლევას 30 ავტორი ჰყავს, მათი ხელმძღვანელი კი არის პრჟემეკ მროში, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პოსტსადოქტორო სტიპენდიანტი ასტრონომიაში. პუბლიკაცია ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე arXiv.
ასტრონომთა აზრით, ვარსკვლავური სისტემის ადრეულ დღეებში, ზოგიერთი დაბალმასიანი პლანეტა ვარსკვლავის გრავიტაციული გავლენიდან ვარდება.
ადრეულ დღეებში ყველაფერი შეიძლება ქაოსური იყოს; ვარსკვლავსა და პლანეტებს შორის გრავიტაციულმა ურთიერთქმედებებმა ხანდახან შეიძლება პატარა პლანეტები კოსმოსში გატყორცნოს.
„პლანეტის ფორმაციის თეორიების მიხედვით, მაგალითად, ბირთვის აკრეციის თეორიის, გაგდებულ პლანეტათა მასა უნდა იყოს 0,3 და 1,0 დედამიწის მასებს შორის“, — წერენ ავტორები.
უსასრულო წყვდიადში ასეთ ციცქნა სხეულთა პოვნა ინოვაციურ მიდგომას მოითხოვს — გრავიტაციულ ლინზირებას.
გრავიტაციული ლინზირებისთვის კი საჭიროა ორი რამ — სინათლის შორეული წყარო, ძირითადად ვარსკვლავი და უფრო ახლო ობიექტი საკმარისი მასით, რათა ლინზის როლი შეასრულოს; და სინათლის წყაროს გამრუდებული სინათლე.
ამ შემთვევაში, ლინზის როლს დაბალმასიანი პლანეტა ასრულებს. იმის საფუძელზე, რამდენ გავლენას ახდებს შორეული ვარსკვლავის სინათლეზე მის წინა ფონზე მდებარე ობიექტი, ასტრონომებს შეუძლიათ საკმაოდ ბევრი რამ გაარკვიონ.
შედარებით პატარა ობიექტი, მაგალითად, დაბალმასიანი პლანეტა არც ისე ბევრ სინათლეს ამრუდებს და არც ისე დიდხანს. პუბლიკაციაში ავტორები აღნიშნავენ, რომ დედამიწის მასის მოხეტიალე პლანეტათა მიერ გამოწვეული გრავიტაციული ლინზირების მოვლენას წარმოუდგენლად მცირე კუთხური აინშტაინის რადიუსი (.1 µas) და მცირე მასშტაბი უნდა ჰქონდეს (0,1 დღე).
ავტორთა განცხადებით, მათ მიერ აღმოჩენილი მოვლენა ყველაზე მცირე მასშტაბის მიკროლინზირებაა ამ დრომდე დაფიქსირებულთა შორის.
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ეგზოპანეტების შესახებ ცოდნა გაიზარდა. აღმოჩენილი გვაქვს ათასობით მათგანი და ვიცით ისიც, რომ გარშემო პლანეტები თითქმის ყველა ვარსკვლავს აქვს.
მთელმა ამ ცოდნამ პლანეტებისა და ვარსკვლავური სისტემების თეორიებისა და მოდელების განახლება გამოიწვია. როგორც ეს მოდელები მიუთითებს, სამყაროში ძალიან ბევრი მოხეტიალე, საკუთარი სისტემიდან გამოგდებული პლანეტა უნდა არსებობდეს.
თეორიული ნაშრომები აჩვენებს, რომ ირმის ნახტომში მილიარდობით ან ტრილიონობით მოხეტიალე პლანეტა უნდა იყოს.
პუბლიკაციაში ავტორები ასახელებენ იმ გზებს, რომლითაც შეიძლება პლანეტა „დაობლდეს“: პლანეტების შეჯახება; დინამიკური ურთიერთქმედებები გიგანტურ პლანეტებს შორის, რაც პატარა, შიდა პლანეტების ორბიტის მოშლას იწვევს; ვარსკვლავებს შორის ურთიერთქმედებები ორმაგ (ბინარულ) სისტემებსა და ვარსკვლავთგროვებში; ვარსკვლავური გადაფრენები; და ვარსკვლავის ევოლუცია, მთავარი მიმდევრობის ეტაპის გადალახვა.
მიკროლინზირების მეთოდი ამ პატარა მოხეტიალე პლანეტათა აღმოჩენის მეთოდს გვთავაზობს. თუმცა, ეს საქმე საკმაოდ რთულია. პრობლემა ის კი არ არის, რომ ისინი ასე ბნელია, არამედ ის, რომ ასეთ მცირე სხეულთა მიერ გამოწვეული მიკროლინზირება ძალიან მცირე მასშტაბის არის.
ახლად აღმოჩენილ პლანეტას OGLE-2016-BLG-1928 უწოდეს და იპოვეს მიკროლინზირების მოვლენით, რომელიც მხოლოდ 41,5 წუთს გაგრძელდა. ეს დრო კი დეტალურ მონაცემთა შესაგროვებლად საკმარისი არ არის.
ამ დრომდე აღმოჩენილია მხოლოდ ოთხი ასეთი პატარა მოხეტიალე პლანეტა, ისინიც მცირემასშტაბიანი მიკროლინზირების მოვლენების საშუალებით. ერთობლივად, ეს მოვლენები წარმოადგენს ძლიერ მტკიცებულებას ირმის ნახტომში მოხეტიალე პლანეტათა პოპულაციის შესახებ.
პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ ასეთ მოვლენათა აღმოჩენა, არამედ იმის განსაზღვრაც, რომ საქმე ნამდვილად პლანეტასთან გვაქვს.
„მცირემასშტაბიანი მიკროლინცირების მოვლენათა შემთხვევაში, შეუძლებელია გამოვრიცხოთ შორეული ვარსკვლავური კომპანიონის არსებობა“, — წერენ მკვლევრები. ვარსკვლავური კომპანიონის გამორიცხვა ასტრონომებს მხოლოდ რვა ასტრონომიული ერთეულის მანძილზე შეუძლიათ, მაგრამ ბევრი პლანეტა დედავარსკვლავს ამაზე გაცილებით შორი მანძილიდან უვლის გარს.
მიკროლინზირების მოვლენათა მონაცემების სიმწირე გარკვეულ ეჭვებს აჩენს მისი ბუნების შესახებ და საეჭვო ხდება თავად პლანეტის არსებობაც. ასეთ გაურკვევლობათა ნაწილი თავად ფონური ვარსკვლავიდან მომდინარეობს.
„სინათლის წყარო ვარსკვლავი წითელი გიგანტის ფაზაშია და ზოგიერთი ასეთი ვარსკვლავი ცნობილია ანთებათა წარმოქმნით. თუმცა, ამ მოვლენის მახასიათებლები ასეთ ანთებებზე არ მიუთითებს“, — წერენ მკვლევრები.
მიუხედავად გარკვეული საეჭვო მომენტებისა, აღმოჩენა მაინც მნიშვნელოვანია, რადგან საუკეთესო კანდიდატია, რომ პირველად ისტორიაში, საქმე მართლაც დედამიწის ზომის მოხეტიალე პლანეტასთან გვქონდეს.
მოხეტიალე პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის პოტენციალი თითქმის ნულის ტოლია და შესაბამისად, ისინი შეიძლება არც არასოდეს გახდეს კვლევების ისეთი ინტერესის საგანი, როგორც ჩეულებრივი ეგზოპლანეტები. თუმცა, ისინი მაინც საკმაოდ დამაინტრიგებელია და როგორც სხვა ყველაფერი, ისინიც ფლობენ გარკვეულ საკვანძო ცნობებს ბუნების მუშაობის პრინციპის შესახებ.
სამომავლოდ, მოხეტიალე ეგზოპლანეტათა ძებნაში ნენსი გრეის რომანის კოსმოსური ტელესკოპიც დაგვეხმარება. ამ მისიას მრავალი მიზანი აქვს, მათ შორის ბნელი ენერგიის კვლევა, ეგზოპლანეტების გადაღება და მათი ატმოსფეროს სპექტრის კვლევა. ნასა ტელესკოპს 2025 წელს გაუშვებს.
პუბლიკაცია ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე arXiv.
მომზადებულია Universe Today.-ის მიხედვით.