აღმოჩენილია „პი დედამიწა“ ეგზოპლანეტა, რომელიც თავის ვარსკვლავს გარს უვლის 3,14 დღეში ერთხელ — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია „პი დედამიწა“ ეგზოპლანეტა, რომელიც თავის ვარსკვლავს გარს უვლის 3,14 დღეში ერთხელ — #1tvმეცნიერება

ყოველი ეგზოპლანეტა თავის მხრივ განსაკუთრებულია, მაგრამ დედამიწიდან 186 სინათლის წლის მანძილზე ახლად აღმოჩენილი პლანეტა კიდევ უფრო გამორჩეულია. ზომით დაახლოებით დედამიწისხელაა და საკუთარ დედავარსკვლავს გარს უვლის 3,14 დღეში ერთხელ.

ეს მაჩვენებელი კი ემთხვევა მათემატიკურ მუდმივა π-ს (პი), რიცხვს, რომელიც წრეწირის სიგრძის მის დიამეტრთან შეფარდების ტოლია. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეგზოპლანეტის ოფიციალური სახელია K2-315b, ასტრონომებმა მას ზედმეტსახელად „პი დედამიწა“ უწოდეს.

ამ პლანეტის არსებობა პირველად 2017 წელს, კეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმა შენიშნა.მზეზე 20-ჯერ პატარა, მკრთალი წითელი ჯუჯა ვარსკვლავის სინათლეში კეპლერმა რეგულარული შუალედების 20 მცირე ჩაბნელება დააფიქსირა. ასეთი გახლავთ ეგზოპლანეტების ძებნის ძირითადი მეთოდი — ეს ჩაბნელებები ხშირად ნიშნავს იმას, რომ პლანეტა ჩვენსა და თავის ვარსკვლავს შორის მოძრაობს, ანუ ასრულებს ტრანზიტს. ასეთი ტრანზიტების დროს, ვარსკვლავის სინათლეში შეიმჩნევა ძალიან ოდნავი რყევები.

თუმცა, ეგზოპლანეტის არსებობის დადასტურებისთვის ჩაბნელებათა მხოლოდ ერთი კოლექცია საკმარისი არ არის. ამიტომ, კეპლერის მონაცემებით შეიარაღებულმა ასტრონომმა პრაჯვალ ნირაულამ და მისმა კოლეგებმა სისტემის შესწავლა ტელესკოპ SPECULOOS-ით დაიწყეს.

SPECULOOS-ი ტელესკოპთა ქსელია, რომელიც სპეციალურად დედამიწის ზომის ეგზოპლანეტებს ეძებს მკრთალი ჯუჯა ვარსკვლავების გარშემო.

თებერვალში, მარტსა და მაისში ჯგუფმა დაკვირვებები ვარსკვლავ K2-315-ის მიმართულებით აწარმოა. დააკვირდნენ კიდევ სამ ჩაბნელებას და კეკის ობსერვატორიის ინსტრუმენტ HIRES-ის საშუალებით ვარსკვლავის სპექტრიც მიიღეს.

ჩაბნელებები სავსებით შეესაბამებოდა კეპლერის მიერ 3,14 დღეში ერთხელ აღრიცხულ ჩაბნელებებს. ვარსკვლავის სპექტრმა კი დაადასტურა, რომ ჩაბნელება ნამდვილად ტრანზიტული ეგზოპლანეტის მიერ არის გამოწვეული.

ვარსკვლავურ ტრანზიტს ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია. ვარსკვლავის სინათლის ჩაბნელების ოდენობას შეუძლია გვითხრას, რამხელაა პლანეტა. შესაბამისად, ნირაულამ და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ K2-315b-ს დედამიწის ზომის 95 პროცენტი აქვს.

ამ ზომის პლანეტები კი ძირითადად კლოდვანია — დედამიწის, ვენერას, მერკურისა და მარსის მსგავსად, მაგრამ არ არის გამორიცხული, იყოს სხვანაირი შემადგენლობისაც.

ამისათვის კი საჭიროა დოპლერის სპექტროსკოპია. ძალიან მცირე პლანეტასაც კი ოდნავი გრავიტაციული გავლენა აქვს თავის დედავარსკვლავზე, რადგან წყვილი გრავიტაციის საერთო ცენტრის გარშემო მოძრაობს. შესაბამისად, ეს მოძრაობები წარმოქმნის ძალიან მცირე ცვლილებებს ვარსკვლავიდან მომდინარე სინათლის ტალღის სიგრძეებში — იკუმშება, როდესაც ვარსკვლავი დამკვირვებლის მიმართულებით მოძრაობს, საპირისპიროდ წასვლისას კი იჭიმება.

მოძრაობის ზუსტი მანძილის განსაზღვრით შეგვიძლია გავიგოთ ეგზოპლანეტის მასა. გაბერილი გაზის გიგანტები დაბალი სიმკვრივისაა და თუ გვაქვს დიდი პლანეტა შედარებით დაბალი მასით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის გაზისგან შედგება. კლდოვანი პლანეტები გაცილებით მკვრივია და შესაბამისად, მაღალია მათი მასა-ზომის თანაფარდობაც.

თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახლად აღმოჩენილი ეგზოპლანეტა K2-315b კლოდვანია, არ არსებობს შანსი, რომ ის ხელსაყრელი იყოს ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის ფორმისთვის.

დედავარსკვლავის გარშემო ერთ შემოვლას ის 3,14 დღეს ანდომებს; მოძრაობს 81 კმ/წმ სიჩქარით (დედამიწა მზის გარშემო 29,78 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობს) და იმდენად ახლოს არის თავის ვარსკვლავთან, რომ მისი ზედაპირი ჯოჯოხეთურად ცხელი უნდა იყოს, დაახლოებით 177 გრადუსი ცელსიუსი.

მიუხედავად ამისა, ეს პლანეტა შეიძლება მაინც კარგი სამიზნე იყოს სამომავლო კვლევებისთვის. იმიტომ, რომ პატარა, მკრთალი ვარსკვლავები დიდებისგან განსხვავებით არც ისე ძალიან კაშკაშებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეგზოპლანეტის ტრანზიტის დროს მისი ატმოსფეროს ძებნის კარგი შანსი გვაქვს.

როდესაც ვარსკვლავის სინათლე ეგზოპლანეტის ატმოსფეროში გადის, ოდნავ იცვლება, რადგან ტალღის გარკვეულ სიგრძეებს შთანთქავს ან გამოყოფს ამ იქ არსებული სხვადასხვა ელემენტები.

უსიცოცხლო ეგზოპლანეტის ატმოსფეროც კი შთამბეჭდავია შესასწავლად. ჯგუფი ვარაუდობს, რომ ამ პლანეტასთან ატმოსფეროს არსებობის შემთხვევაში, მის დაფიქსირებას 40 ტრანზიტის შედეგად შეძლებს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც 2021 წლის ოქტმბერში გაეშვება.

ამასობაში კი, ასტრონომთა ეს ჯგუფი ტელესკოპთა ქსელ SPECULOOS-ის საშუალებით სხვა სამიზნეების ძებნას განაგრძობს.

„მომავალში, ჯეიმს ვების ტელესკოპის ხანაში, ჩვენ წინაშე გაცილებით უფრო საინტერესო ეგზოპლანეტები წარსდგება; ამ ტელესკოპის ერთ-ერთი დანიშნულება ამ უცხო პლანეტათა ატმოსფეროების შესწავლაა. იმედი გვაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღესაც, უკეთესი ალგორითმების საშუალებით აღმოვაჩენთ უფრო პატარა პლანეტებს, მარსზე პატარებსაც კი“, — ამბობს კვლევის ავტორი პრაჯვალ ნირაულა.

კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი