მზის მსგავსი ვარსკვლავის მრავალპლანეტიანი სისტემის პირველი პირდაპირი ფოტო ისტორიაში — #1tvმცნიერება
მზის მსგავსი ვარსკვლავის მრავალპლანეტიანი სისტემის პირველი პირდაპირი ფოტო ისტორიაში — #1tvმცნიერება

ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ძალიან დიდმა ტელესკოპმა (VLT) ახალგაზრდა, მზის მსგავს ვარსკვლავს და მის გარშემო მოძრავ ორ გიგანტურ ეგზოპლანეტას ფოტო გადაუღო; ეს გახლავთ ამ სახის პირველი სურათი ისტორიაში. მრავალპლანეტიან სისტემათა ფოტოები უიშვიათესია და ამ დრომდე, ასტრონომები ასე პირდაპირ არასოდეს დაკვირვებიან მზის მსგავს ვარსკვლავს, რომლის გარშემოც ერთზე მეტი პლანეტა მოძრაობს. ასეთი დაკვირვება ასტრონომებს ჩვენი მზის გარშემო პლანეტების წარმოქმნისა და განვითარების უკეთესად შესწავლაში დაეხმარება.

რამდენიმე კვირის წინ, ევროპის სამხრეთულმა ობსერვატორიამ (ESO) გამოაქვეყნა ტელესკოპ VLT-ით გადაღებული, დაბადების პროცესში მყოფი პლანეტური სისტემის ფოტო. ამჯერად კი, ამავე ტელესკოპმა, იმავე ინსტრუმენტით გადაიღო მზის მსგავსი ვარსკვლავის პლანეტური სისტემის პირველი პირდაპირი ფოტო; ამ ვარსკვლავის სახელია TYC 8998-760-1 და ის ჩვენგან დაახლოებით 300 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.

„ამ ფოტოზე ასახულია გარემო, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენი მზის სისტემას, მაგრამ ევოლუციის გაცილების ადრეულ ეტაპზე“, — ამბობს კვლევის ავტორი, ნიდერლანდების ლეიდენის უნივერსიტეტის დოქტორანტი ალექსანდერ ბონი.

კვლევის თანაავტორის, ლეიდენის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, მეთიუ კენვორთის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ასტრონომებს ჩვენს გალაქტიკაში არაპირდაპირი მეთოდით უკვე დაფიქსირებული აქვთ ათასობით ეგზოპლანეტა, ამ პლანეტათა მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია პირდაპირ გადაღებული. მისივე თქმით, პირდაპირი დაკვირვებები მნიშვნელოვანია იმ გარემოთა საძებნელად, რომლებიც შესაძლოა, სიცოცხლისათვის ხელსაყრელი იყოს.

კიდევ უფრო უიშვიათესია ერთი ვარსკვლავის გარშემო მოძრავი ორი ან მეტი ვარსკვლავის პირდაპირი ფოტოგადაღება. ESO-ს ტელესკოპ VLT-ის ახალი ფოტო პირველი პირდაპირი სურათია, რომელიც მზის მსგავს ვარსკვლავთან არსებულ ერთზე მეტ ეგზოპლანეტას ასახავს. ESO-ს ეს ტელესკოპი ასევე პირველი იყო, რომელმაც 2004 წელს ეგზოპლანეტის პირველი პირდაპირი ფოტო გადაიღო, როდესაც მან სინათლის ნაპერწკალი „გამოიჭირა“ ყავისფერი ჯუჯას, ანუ „არშემდგარი“ ტიპის ვარსკვლავის გარშემო.

„ჩვენა ჯგუფმა ამჯერად შეძლო პირველი ფოტო გადაეღო გაზის გიგანტი ორი პლანეტისთვის, რომლებიც მზის ანალოგ, ახალგაზრდა ვარსკვლავს უვლიან გარშემო“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე, ბელგიის ლიოვენის კათოლოკური უნივერსიტეტის მკვლევარი მადალენა რეჯიანი.

ორი პლანეტა ახალ ფოტოზე დედავარსკვლავიდან შორს, ორი კაშკაშა წერტილის სახით ჩანს; თავად ვარსკვლავი სურათზე ზედა მარცხენა კუთხეში მოჩანს. სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარი ფოტოების გადაღების შედეგად, მკვლევართა ჯგუფმა შეძლო პლანეტების გამორჩევა უკანა ფონზე არსებული ვარსკვლავებისგან.

გაზის გიგანტი ეს ორი პლანეტა დედავარსკვლავს გარს უვლიან იმაზე 160 და 230-ჯერ უფრო შორი მანძილიდან, ვიდრე დედამიწა მზეს (ასტრონომიული ერთეული). შედეგად, ისინი თავისი ვარსკვლავისგან გაცილებით შორს არიან, ვიდრე ჩვენი მზის სისტემის გაზის ორი გიგანტი, იუპიტერი და სატურნი მზისგან; ისინი ჩვენი დედავარსკვლავისგან დედამიწაზე მხოლოდ 5 და 10-ჯერ უფრო დიდი მანძილით არიან დაშორებული. ჯგუფმა ასევე დაადგინა, რომ ეს ორი ეგზოპლანეტა მზის სისტემის გაზის გიგანტებზე გაცილებით მასიურია — შიდა პლანეტას იუპიტერზე 14-ჯერ მეტი მასა აქვს, გარეს კი 6-ჯერ მეტი.

ბონის ჯგუფმა ამ სისტემის გადაღება მაშინ შეძლო, როცა ისინი მზის მსგავს, მაგრამ გაცილებით ახალგაზრდა ვარსკვლავთა გარშემო გიგანტურ პლანეტებს ეძებდნენ. ვარსკვლავი TYC 8998-760-1 სულ რაღაც 17 მილიონი წლისაა (მზის ასაკი 4,5 მილიარდი წელია) და მდებარეობს სამხრეთის ცაზე, ბუზის თანავარსკვლავედის მიმართულებით. როგორც ბონი აღნიშნავს, ის გახლავთ ჩვენი მზის ძალიან ახალგაზრდა ვერსია.

ფოტოს გადაღება ESO-ს ტელესკოპ VLT-ის მაღალტექნოლოგიურ ინსტრუმენტ SPHERE-ის წყალობით მოხერხდა. ტელესკოპი ჩილეში, ატაკამის უდაბნოშია განთავსებული. მისი ინსსტრუმენტი SPHERE-ი, კორონაგრაფის სახელით ცნობილი მოწყობილობით ვარსკვლავის კაშკაშა სინათლეს ბლოკავს, რაც გაცილებით მკრთალი პლანეტების დანახვის საშუალებას გვაძლევს. აღსანიშნავია, რომ მზის სისტემაში არსებულის მსგავსი ბებერი პლანეტები საკმაოდ ცივია და ამ ტექნოლოგიით მათი პოვნა შეუძლებელია, მაგრამ ახალგაზრდა პლანეტები ცხელია და ინფრაწითელ სინათლეში საკმაოდ კაშკაშა. გასული წლის განმავლობაში გადაღებული რამდენიმე სურათისა და 2017 წლის მონაცემების საფუძველზე, მკვლევართა ჯგუფმა დაადასტურა, რომ ეს ორი პლანეტა ამ ვარსკვლავის სისტემის ნაწილია.

ახლა საინტერესოა ერთი დეტალი — ეს პლანეტები იქ დაიბადნენ, სადაც ახლა არიან, დედავარსკვლავისგან ასე შორს, თუ სადმე სხვა ადგილიდან მოვიდნენ; ამას კი ამ სისტემის სამომავლო დაკვირვებები გვეტყვის, მათ შორის, ESO-ს უკიდურესად დიდი ტელესკოპით (ELT). ეს ტელესკოპი დაგვხმარება ორ პლანეტას შორის მიმდინარე ურთიერთქმედების შესწავლაშიც. ამ რევოლუციური ტელესკოპის მშენებლობა ჩილეში, ატაკამის უდაბნოში 2017 წელს დაიწყო და ოპერირებას 2025 წლიდან დაიწყებს.

„სამომავლო ინსტრუმენტები, მათ შორის ისინი, რომლებითაც ELT იქნება აღჭურვილი, ასეთი ვარსკვლავების გარშემო უფრო დაბალმასიან პლანეტათა დაფიქსირებასაც შეძლებს, რაც გარდამტეხი მომენტი იქნება მრავალპლანეტიანი სისტემების კვლევაში და ძალიან ბევრ ახალ დეტალს გავიგებთ ჩვენი მზის სისტემის ისტორიის შესახებაც“, — ამბობს კვლევის ავტორი, ნიდერლანდების ლეიდენის უნივერსიტეტის დოქტორანტი ალექსანდერ ბონი.

კვლევა Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eso.org-ის მიხედვით.