ირმის ნახტომის სიახლოვეს აღმოჩენილია გალაქტიკების გიგანტური „კედელი“ — #1TVმეცნიერება
ირმის ნახტომის სიახლოვეს აღმოჩენილია გალაქტიკების გიგანტური „კედელი“ — #1TVმეცნიერება

სამყარო მხოლოდ გაფართოებად სიცარიელეში შემთხვევით მიმოფანტული გალაქტიკები არ არის. რაც უფრო ახლოდან ვაკვირდებით, მით უფრო კარგად ვხედავთ, რომ მასში არის სტრუქტურები, რომელთაგან ზოგიერთი წარმოადგენს გალაქტიკების წარმოუდგენლად ვრცელ დაჯგუფებებსა და გროვებს, რომლებიც ერთმანეთთან გრავიტაციულად არიან შეკრული.

ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს ერთ-ერთი ასეთი სტრუქტურა, რომელიც თაღივით არის გადაჭიმული ცის სამხრეთ კიდის თავზე; ის უზარმაზარია — ერთი ბოლოდან მეორემდე ივრცობა 1,37 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე. აღმომჩენებმა მას სამხრეთ პოლუსის კედელი უწოდეს.

ასეთი თვალშისაცემი ზომით, ის კოსმოსში ჩვენ მიერ აღმოჩენილი ერთ-ერთი უდიდესი სტრუქტურაა და ზუსტად ვიცით, რას წარმოადგენს. ის გალაქტიკური ფილამენტია — გალაქტიკების უზარმაზარი ფორმაცია, რომელიც წარმოქმნის საზღვარს კოსმოსურ ვოიდების ცარიელ სივრცეებს შორის; ერთობლივად კი ისინი წარმოქმნიან ე. წ. კოსმოსურ აბლაბუდას. გამომდინარე აქედან, ჩვენ მას კედელს ვუწოდებთ.

ცნობილია სხვა ასეთი დიდი კედლებიც. მათ შორის უდიდესია ჰერაკლეს დიდი კედელი, რომელიც 9,7 მილიარდ სინათლის წელიწადზეა გადაჭიმული. თუმცა, სამხრეთის დიდი კედელი გამორჩეულია, რადგან ის კოსმოსური თვალსაზრისით ახლოს არის ირმის ნახტომთან — 500 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ყველაზე მასიური სტრუქტურაა, რომელიც ასე ახლოს გვინახავს.

ალბათ იკითხავთ, როგორ გამოგვრჩა ამ დრომდე ჩვენს მეზობლად არსებული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი გალაქტიკური ფილამენტი. არსებობს საკმაოდ კარგი მიზეზი — ის იმალებოდა გალაქტიკური დაბინდვის, ანუ ირმის ნახტომის სიბრტყის მიღმა.

ეს კი გახლავთ ჩვენი მშობლიური გალაქტიკის დისკო — მტვრით, გაზითა და ვარსკვლავებით ამოვსებული სქელი და კაშკაშა რეგიონი. ის იმდენად სქელი და კაშკაშაა, რომ რომ ბინდავს მის მიღმა სივრცის დიდ ნაწილს და შესაბამისად, სამყაროს ეს ნაწილი დანარჩენთან შედარებით ნაკლებად გვაქვს შესწავლილი.

თუ ეს ზონა სამხრეთ პოლუსის კედელს ასე კარგად მალავდა, როგორ შეძლეს ასტრონომებმა მისი აღმოჩენა? ამ კითხვაზე პასუხი ცოტა არ იყოს, კომპლექსურია, მაგრამ არსებითად, ეფუძნება ცის გარშემო გალაქტიკათა მოძრაობას.

მკვლევართა ჯგუფმა პარიზ-საკლეს უნივერსიტეტის კოსმოგრაფ დანიელ პომარედის ხელმძღვანელობით, გამოიყენა მონაცემთა ბაზა სახელად Cosmicflows-3, რომელიც შეიცავს მანძილების გამოთვლებს დაახლოებით 18 000 გალაქტიკისთვის. ეს მაჩვენებლები წითელი წანაცვლების საშუალებით გამოთვალეს, რომელიც ზომავს, რამდენად სწრაფად მოძრაობს რაღაც ჩვენგან საპირისპირო მიმართულებით; ამას ასტრონომები მისი სინათლის ტალღების გაჭიმულობაზე დაყრდნობით ადგენენ.

შარშან, ამ მონაცემთა ბაზის გამოყენებით, მკვლევართა სხვა ჯგუფმა დაიანგარიშა სხვა პარამეტრი, ე. წ. პეკულარული სიჩქარე, რომელიც წარმოადგენს გალაქტიკის სიჩქარეს სამყაროს გაფართოებით გამოწვეულ მის მოძრაობასთან შედარებით.

ამ ორი პარამეტრის საშუალებით, ჯგუფმა გამოთვალა გალაქტიკების მოძრაობა ერთმანეთის მიმართ, რამაც გამოავლინა გაცილებით დიდი მასის გრავიტაცული გავლენა. ალგორითმების დახმარებით, ჯგუფმა შეძლო ეს მოძრაობები გამოეყენებინა, რათა გალაქტიკური სიბრტყის მიერ დაბინდვის მიუხედავად, შეექმნა სამხრეთ პოლუსის მასალის შემადგენელი მატერიის სამგანზომილებიანი რუკა.

მისი ყველაზე მკვრივი მონაკვეთი მდებარეობს სამხრეთ პოლუსის თავზე — ეს სექცია ჩვენგან 500 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული. შემდეგ ის ჩრდილოეთით იღუნება, ჩვენკენ მოდის და ირმის ნახტომს 300 მილიონი სინათლის წლის მანძილზე უახლოვდება.

მოღუნული მკლავის გასწვრივ, გალაქტიკები სამხრეთ პოლუსის შეჯგუფების მიმართულებით მოძრაობენ; იქიდან კი მიემართებიან კიდევ ერთი გიგანტური სტრუქტურის, შეპლის სუპერგროვისკენ, რომელიც ჩვენგან 650 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული.

იმის გამო, რომ სამხრეთ პოლუსის კედლის რაღაც ნაწილებს ჩვენ ვერ ვხედავთ, არ არის გამორიცხული, რომ ეს სტრუქტურა იმაზე უფრო დიდია, ვიდრე ამ მომენტში შეგვიძლია შეფასება. თუმცა, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ასტრონომები ამასაც გაარკვევენ.

პირველ რიგში, ის ჩართულია საინტერესო კოსმოლოგიურ პროცესში — გავლენას ახდენს ადგილობრივი სამყაროს გაფართოების მაჩვენებელზე. ეს კი შეიძლება გარკვეულ როლს თამაშობდეს ჰაბლის დაძაბულობაში — აგილობრივი და ადრეული სამყაროს გაფართოების მაჩვენებლებს შორის სხვაობაში.

ამას გარდა, ის შეიძლება დაგვეხმაროს ჩვენი ადგილობრივი კოსმოსური კუთხის ევოლუციის უკეთ შესწავლაში, რომელიც მოიცავს ლანიაკეას — გალაქტიკათა სუპერგროვას, რომელშიც ირმის ნახტომიც შედის. ლანიაკეა 2014 წელს ასევე პომარედმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს.

აღმოჩენა უბრალოდ საუცხოოა და და ეჭვგარეშეა, უახლოეს მომავალში მისი წყალობით კიდევ მრავალ საოცარ ინფორმაციას უნდა ველოდოთ.

კვლევა ჟურნალ The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.