ირმა ნადირაშვილი - „ქართული ოცნების“ აქტივისტი დავით იმნაძე ცდილობდა, ზეგავლენა მოეხდინა ამომრჩევლის ნებაზე

„ქართული ოცნების“ აქტივისტი დავით იმნაძე ცდილობდა, ზეგავლენა მოეხდინა ამომრჩევლის ნებაზე ლადო კახაძის სასარგებლოდ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„იმის ნაცვლად, რომ ბატონი დავითი პოლიციის განყოფილებაში იჯდეს და ახსნა-განმარტებებს იძლეოდეს, კანონის საწინააღმდეგოდ რატომ მოიქცა, მაისური გამოიცვალა, ისევ მე-17 უბანზე დაბრუნდა და მისი რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული გახდა“, – აღნიშნა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, მაისურების შეცვლა არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ვეღარ ვიცნობთ და პასუხი არ მოეთხოვებათ უკანონო ქმედებების გამო.

„ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, კრიმინალებთან ერთად ნუ ცდილობენ არჩევნების ბედის გადაწყვეტას. ეს არჩევნები ისე ჩაივლის, რომ შალვა შავგულიძე პარლამენტში შევიდეს. მთავარია, მთაწმინდელებმა გააკეთონ ისეთი არჩევანი, რომ დეპუტატი, რომელიც შუალედური არჩევნების შემდეგ პარლამენტში შევა, არ იყოს ადამიანი, რომელსაც წითელი და მწვანე ღილაკები აერევა“, – აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.