ირმა ნადირაშვილი - უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილო კორეის პარლამენტი
ირმა ნადირაშვილი - უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილო კორეის პარლამენტი

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი პარლამენტის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის პროცესს ეხმაურება.

ნადირაშვილის თქმით, მანდატების შეწყვეტის პროცესი ფორმალური ნაწილია, რადგან ის ოპოზიციონერები, ვისაც განცხადება აქვთ დაწერილი, საპარლამენტო სხდომებს ისედაც არ ესწრებიან.

ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა საბოლოოდ ოფიციალურად გააფორმებს ერთპარტიულ, ჩრდილო კორეულ პარლამენტს.

„ეს არის ფორმალური საკითხი, რადგან ისედაც, დეპუტატები, ვისი უფლებამოსილების საკითხის შეწყვეტაც უნდა დადგეს, მაინც არ ესწრებიან სხდომებს და ხმამაღლა აქვთ გაცხადებული, რომ არ მიიჩნევენ თავს პარლამენტის წევრებად.

ამიტომ, ეს იქნება მხოლოდ ფორმალობა. „ქართული ოცნება“ ისედაც სასაცილო მდგომარეობაში ჩავარდა, როდესაც ადამიანებს, რომლებსაც მანდატის დათმობა აქვს გადაწყვეტილი, ძალით არ უწყვეტს უფლებამოსილებას, აქვთ ორმაგი სტანდარტი. როდესაც ვნახეთ, რომ გახარიას შეუწყვიტეს მანდატი, „პატრიოტთა ალიანსის“ რამდენიმე წევრს, სადაც გარიგება და მოლაპარაკება იყო, შეუწყვიტეს მანდატი და ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს ამ სესიის შემდეგ. როდესაც უკვე უფლებამოსილება შეუწყდებათ პარლამენტის წევრებს, ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილო კორეის პარლამენტი“, – განაცხადა ნადირაშვილმა.

ირმა ნადირაშვილის კომენტარი პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.

დატოვე კომენტარი