ირმა ნადირაშვილი - კანონი თუ არ შესრულდება და პარლამენტის წევრებს არ შეუწყვეტენ უფლებამოსილებას, ეს იქნება „ქართული ოცნების“ მორიგი მცდელობა, გააგრძელოს ადამიანების პარლამენტში შეთრევა
კანონი თუ არ შესრულდება და პარლამენტის წევრებს არ შეუწყვეტენ უფლებამოსილებას, ეს იქნება „ქართული ოცნების“ მორიგი მცდელობა, გააგრძელოს ადამიანების პარლამენტში შეთრევა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, კენჭისყრაზე საკითხის ჩავარდნის შემთხვევაშიც, არ შეიცვლება ვითარება, რომ ეს ჩრდილოეთ კორეის ერთპარტიული პარლამენტია.
„ჩვენ ჩვენი გეგმების თაობაზე არაერთხელ გვაქვს ნათქვამი და უფრო მეტიც, წერილობით განცხადებები შესულია უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. რა მოლოდინები უნდა გვქონდეს, ამის თქმა ძალიან ძნელია, რადგან „ქართული ოცნება“ თავისი მოქმედებებით არაპროგნოზირებადია. დღეს კანონი თუ არ შესრულდება და პარლამენტის იმ წევრებს, ვისაც არ სურს პარლამენტის წევრობა და გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია, უფლებამოსილებას თუ არ შეუწყვეტენ, ეს იქნება „ქართული ოცნების“ მორიგი მცდელობა, გააგრძელოს ვაჭრობა ადამიანების პარლამენტში შეთრევით.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ მოხდება უფლებამოსილების შეწყვეტა, რისი ნიშნებიც გვაქვს, ვითარება და ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეიცვლება, რომ ეს არის ჩრდილოეთ კორეის ერთპარტიული პარლამენტი, როგორც ეს გუშინ სალომე ზურაბიშვილმა თავის განცხადებაში მისგან დამოუკიდებლად აღნიშნა“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, გარკვეული ოპოზიციური პარტიები ოთხპუნქტიანი მოთხოვნების შესრულების შემთხვევაშიც არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას.
„რაც შეეხება ჯაფარიძის განცხადებას, მე პირადად არ მომისმენია მისი განცხადება, მაგრამ ნამდვილად შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტუროთ, რომ თუ ხელახალი არჩევნები დაინიშნებოდა, საარჩევნო ადმინისტრაცია შეიცვლებოდა და ყველა პოლიტპატიმარი დატოვებდა საპყრობილეს, „ევროპული საქართველო“ არ არის გიჟებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც ფეხების ბაკუნს დაიწყებს, რომ არა, მაინც და მაინც ქუჩაში უნდა ვიყო. ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა, როცა პარლამენტში არ შედიხარ, მძიმეა მათ შორის ქვეყნისთვის და თუ ყველა პირობა შესრულდებოდა, ჩვენ აუცილებლად ვიქნებოდით პარლამენტში“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.