ირმა ჭკადუა - პროკურატურაში აფრასიძეების საქმეზე ხელახალი გამოძიების შედეგების ნაწილი გაგვაცნეს
ირმა ჭკადუა - პროკურატურაში აფრასიძეების საქმეზე ხელახალი გამოძიების შედეგების ნაწილი გაგვაცნეს

სვანეთში, 14 წლის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ომეხ აფრასიძის დედას და ოჯახის ადვოკატს აფრასიძეების საქმეზე დასრულებული ხელახალი გამოძიების შედეგების ნაწილი გააცნეს.

ადვოკატ ირმა ჭკადუას თქმით, გარდაცვლილების ცხედრებს გამოძიების ფარგლებში ექსჰუმაცია ჩაუტარდა და სწორედ ექსპერტიზის დასკვნები გააცნეს დღევანდელ შეხვედრაზე.

„ჩვენ შევხვდით საგამოძიებოს უფროსის მოადგილეს და გამომძიებელს, დავიწყეთ საქმის მასალების გაცნობა, მაგრამ არის მრავალი ტომი და მოკლე დროში სრულად ვერ გავეცნობოდით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ექსპერტიზის შედეგები, ანუ ექსჰუმაციის შედეგები, ვინაიდან ცნობილია, რომ როცა ეს სპეცოპერაცია ჩატარდა, ოჯახს აუკრძალეს ექსპერტიზის ჩატარება. არ იყო ცნობილი რითი იყო ომეხ აფრასიძე გარდაცვლილი. ჩვენ ვნახეთ შედეგები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ომეხ აფრასიძე დაღუპულია მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობებით”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

დოდო აფრასიძე კვლავ ითხოვს მთავარ პროკურურთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას.

ომეხ აფრასიძის დედამ მთავარ პროკურატურასთან დღეს შიმშილობა დაიწყო.

2004 წლის 24 მარტს, 07:00 საათზე, სვანეთის სოფელ ეცერში, შსს-სა და უშიშროების ასეულობით თანამშრომლის მონაწილეობით, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების დაკავებას უკავშირდებოდა.

სპეცოპერაციის დროს ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს. მოკლულის კიდევ ორი შვილი გოჩა და შმაგი აფრასიძეები დააკავეს და 19 და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ძმებმა საპყრობილე 2013 წელს, ამნისტიის გამოცხადების შემდეგ დატოვეს.