ირმა ჭკადუა - მივმართავ სახალხო დამცველს, დაიცვას ქვეყნის ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და არაერთხელ გამოიყენეს სიძულვილის ენა
ირმა ჭკადუა - მივმართავ სახალხო დამცველს, დაიცვას ქვეყნის ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და არაერთხელ გამოიყენეს სიძულვილის ენა

დოჰას ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ მსოფლიო ვარსკვლავის, როჯერ ფედერერის დამარცხებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა, ამავე დროს იყო ნეგატიური გამოხმაურებებიც.

ამ მოწოდებებს ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა გამოეხმაურა და საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართველი ჩოგბურთელის კონსტიტუციური უფლებები დაირღვა.

„ნიკოლოზ ბასილაშვილს მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურდა. მაგრამ იმ აღვირახსნილი, შეურაცხმყოფელი კამპანიის გამო, რომელიც მის ისტორიულ გამარჯვებას მოჰყვა, იძულებული გავხდით, განცხადება გავაკეთოთ. ჩვენი ოპონენტები მას მოიხსენიებენ, როგორც მოძალადეს. ეს ადასტურებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს უფლებადამცველებს უწოდებენ, ცალსახად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და კონსტიტუციურ უფლებებს, ვინაიდან არც ერთ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ბასილაშვილი გახლავთ მოძალადე ან დამნაშავეა“ – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ბასილაშვილის ადვოკატმა სახალხო დამცველს მიმართა: „სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ეს არასამთავრობო ორგანიზაციები საგრანტო პროგრამების მისაღებად იყენებენ. მინდა მივმართო სახალხო დამცველს, რომ დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და არაერთხელ იქნა გამოყენებული სიძულვილის ენა“.

ამავე დროს, ჭკადუამ შემაკავებელ ორდერზეც ილაპარაკა: „ეს არის მყისიერი რეაგირების დოკუმენტი, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ გააჩნია განსახილველ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მიზანმიმართულად ცდილობს ბასილაშვილის იმიჯის შელახვას საერთაშორისო დონეზე, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის. საზოგადოებამ განსაჯოს, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ფაქტია, რომ მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია ცალსახად არაერთხელ დარღვეულა და მასმედიის საშუალებებით მისი ტირაჟირება ხდება. ვფიქრობ, რომ ყველამ იცის, რომ ბასილაშვილის ბრალეულობის საკითხი არც ერთ სასამართლოს არ განუხილია. ამ დროს, ამ საკითხის გამო მისი მოძალადედ გამოცხადება, ეს არის ბასილაშვილის კონსტიტუციური უფლებების შელახვა. მასთან კონსულტაციებს გავივლით და რადგან ის ახლა ტურნირზე თამაშობს, ვცდილობთ, რომ ის დავიცვათ“.

მან უპასუხა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნებსაც, რომ ბასილაშვილი საერთაშორისო ტურნირებიდან მოხსნას:

„ბასილაშვილის გადახდილი აქვს გირაო, მას აბსოლუტურად არც ერთი პროცედურა დარღვეული არ აქვს. ეს ადამიანი რომ არის ბრალდებული, არ ნიშნავს, რომ პროფესიულ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება არ აქვს. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ იმიჯი შეულახონ ნიკოლოზ ბასილაშვილს და ქვეყანას, მერწმუნეთ, თავად დარჩებიან გაწბილებულები. არც ერთ დოკუმენტში არ წერია, რომ ბასილაშვილი არის მოძალადე“.

 

დატოვე კომენტარი