ირმა ჭკადუას განცხადებით, შაქარაშვილის საქმის მოწმემ, იაკობ ბრეგვაძემ დაადასტურა, რომ მცხეთაში მაგისტრალზე მყოფი რვავე პირი ჩხუბში მონაწილეობდა
ირმა ჭკადუას განცხადებით, შაქარაშვილის საქმის მოწმემ, იაკობ ბრეგვაძემ დაადასტურა, რომ მცხეთაში მაგისტრალზე მყოფი რვავე პირი ჩხუბში მონაწილეობდა

გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მართალია, მოწმემ კონკრეტული პირების იდენტიფიცირება ვერ შეძლო, მაგრამ დაადასტურა, რომ მცხეთაში ავტომაგისტრალზე მყოფი რვავე პირი ჩხუბში მონაწილეობდა.

მისივე თქმით, ბრეგვაძემ აბსოლუტურად ყველა შეკითხვას გასცა პასუხი.

„აღნიშნულ პროცესში არასრულწლოვნები იღებენ მონაწილეობას და მოკლებული ვარ უფლებას, კონკრეტული დეტალები მოგახსენოთ. იაკობ ბრეგვაძემ უპასუხა უამრავ კითხვას, როგორც ბრალდების მხარის, ასევე ჩემი კოლეგების. იაკობისთვის იყო უცნაური, რომ ბევრი კითხვა მეორდებოდა, მაგრამ კოლეგების მესმის. იაკობმა ყველა კითხვას უპასუხა. ყველასთვის ცნობილია, რომ მას არასოდეს უთქვამს კონკრეტული პირების ამოცნობა შემიძლიაო, შესაბამისად, მსგავსი საუბარი არ იყო. მან თქვა, ის რვა ადამიანი, რომლებიც იქ იყვნენ, ანუ გადმოსული ავტომანქანიდან და პლუს ის ორი, რომელიც უკან მოდიოდა- მათი სახელები, გვარები არ იცის და ამოცნობა არ შეუძლია, თითოეული მათგანი იღებდა ჩხუბში მონაწილეობას. მან მოქნეული ხელები დაინახა, მაგრამ კონკრეტულ ადამიანებს ხვდებოდა თუ არა, არ დაუნახავს. „ტოიოტას“ მგზავრებზეც იყო კითხვები. ეს ლოკაციის სხვა ადგილია, კიბიდან რომ ჩამოვიდა, მან ფანჯრიდან დაინახა ორი ადამიანი, სავარაუდოდ, მისიანები. ამ დროს გაჩერდა ავტომანქანა, დაიწყო ჩხუბი. შემდეგ აბრუნდა და აღარაფერი აღარ უნახავს. იაკობ ბრეგვაძემ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს თქვა, რომ ბათუმისკენ მიმავალ გზაზე აივანზე დგომისას დაინახა მეორე მხარეს თეთრპერანგიანი ადამიანი, ივარაუდა, იყო ახვლედიანი, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ დაინახა ორი ადამიანი. ეს ზედ ხიდზე ხდებოდა და არა ხიდის ქვეშ. ხიდის ქვეშ რა მოხდა, მას არ დაუნახავს, არ იცის. ბრეგვაძემ აბსოლუტურად ყველა კითხვას, რომელიც დაისვა, უპასუხა“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის დაკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ბრეგვაძე მხარეების კითხვებს თითქმის ოთხი საათის განმავლობაში პასუხობდა.

დატოვე კომენტარი