ირანის ელჩი - ირანელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში ყოველწლიურად იზრდება
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდიმ პირველ არხთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოსა და ირანს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ყოველ წელს ღრმავდება.
ირანელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ამ ორ ქვეყანას არაერთ საკითხებთან მიმართებაში საერთო ინტერესები აქვთ.
„ირანელი ტურისტების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ამის დასტურია ისიც, რომ შარშან საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი სწორედ ირანიდან ჩამოვიდა და მათმა რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა, ხუთი წლის წინ კი საქართველოში ირანიდან 100 ათასზე მეტი ტურისტიც არ ჩამოდიოდა. სავარაუდოდ, მომავალში ეს რაოდენობა ნახევარ მილიონს მიაღწევს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ირანის არაერთ მოქალაქეს აქვს საკუთარი სასტუმრო. ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტად იზიდავს ირანელ ტურისტებს. თუმცა ტურისტების მზარდი რაოდენობა ქართველების მეგობრული და სტუმართმოყვარე ბუნებითაცაა განპირობებული. ირანელ ხალხს უყვარს საქართველო, უყვართ ქართველები“, – განაცხადა ყავამ შაჰიდიმ.
იგი მიიჩნევს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ტურისტული ურთიერთობების განვითარებისთვის მეტი ორგანიზებულობაა საჭირო. კერძოდ, კავშირების დამყარება ირანისა და საქართველოს ტურისტულ სააგენტოებს შორის.
„ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას უკვე ვესაუბრეთ. ვფიქრობ, რომ ტურისტული ბიზნესი ირანსა და საქართველოს შორის მომავალში კიდევ უფრო განვითარდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ორივე ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ირანის ელჩმა.
ყავამ შაჰიდიმ აღნიშნა, რომ საქართველო-ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა 39%-ით გაიზარდა, რაც საერთო ჯამში 182 მილიონ დოლარს შეადგენს. 2017 წელს კი საქართველოში ირანიდან არაერთი ინვესტორი ჩამოვიდა.
„ჩვენ შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში დაბრკოლებას წარმოადგენს საბანკო ურთიერთობების არარსებობა, რაც გარკვეულწილად პრობლემას წარმოადგენს. თუმცა ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვესაუბრეთ საქართველოს ეკონომიკის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს. ისინი იზიარებენ ირანის პოზიციას, რომ ზემოთ ხსენებული პრობლემა უნდა გადაიჭრას“, – განაცხადა ირანის ელჩმა.