ალბანეთმა ირანის ელჩი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა
ალბანეთმა ირანის ელჩი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

ალბანეთმა ირანის ელჩი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, ტირანაში განაცხადეს, რომ ირანის ელჩისა და კიდევ ერთი ირანელი დიპლომატის ქმედებები ალბანეთის ეროვნულ უსაფრთხოებას აზიანებდა.

ალბანეთის საგარეო უწყებაში ირანელი დიპლომატების ვინაობა და მათი ქვეყნიდან გაძევების თარიღი არ დაუსახელებიათ. თუმცა, როგორც ტირანაში ამბობენ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე მათ ​NATO-ში პარტნიორებთან კონსულტაციები გამართეს.

ალბანეთის გადაწყვეტილებას ღია მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა.

„პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ ახლახან გააძევა ირანის ელჩი, რითაც მკაფიო გზავნილით მიმართა ირანის ლიდერებს, რომ თეირანის მხრიდან ტერორიზმის მხარდაჭერას არავინ შეეგუება“, – განაცხადა ჯონ ბოლტონმა.

ალბანური მედია იუწყება, რომ ირანელ დიპლომატებს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩზე თავდასხმის მცდელობის ორგანიზატორებთან კავშირში ადანაშაულებენ. საქმე ეხება 2016 წელს ჩატარებულ მატჩს, რომელშიც ერთმანეთს ალბანეთისა და ისრაელის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ტერაქტის მოწყობის მცდელობისთვის ალბანეთში მაშინ 20-ზე მეტი პირი დააკავეს.