უკრაინის საგარეო უწყება - ერთადერთი „მესამე მხარე“ არის ირანული უპილოტო საფრენი აპარატები, ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, რომლითაც უკრაინელებს კლავენ
უკრაინის საგარეო უწყება - ერთადერთი „მესამე მხარე“ არის ირანული უპილოტო საფრენი აპარატები, ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, რომლითაც უკრაინელებს კლავენ

ერთადერთი „მესამე მხარე“ ეს ირანული უპილოტო საფრენი აპარატებია, – ასე გამოეხმაურნენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებას. ოფიციალურმა თეირანმა მოუწოდა კიევს, არ მოექცეს მესამე მხარის გავლენის ქვეშ, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის გაფუჭებას ცდილობს.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, თეირანს სრული პასუხიმგებლობა ეკისრება უკრაინასთან ურთიერთობის გაფუჭებაში.

„ერთადერთი „მესამე მხარე“ ირანული უპილოტო საფრენი აპარატებია, რომელსაც უკრაინა უკვე ანადგურებს საკუთარ ცაზე. თეირანს სრული პასუხიმგებლობა ეკისრება უკრაინასთან ურთიერთობის გაფუჭებაში. ირანმა თავი კი არ უნდა იმართლოს „საგარეო გავლენების“ მოგონებით, არამედ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, რომლითაც უკრაინელებს კლავენ“, – განაცხადეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, იმის გამო, რომ ირანმა რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები მიაწოდა, უკრაინამ ირანის ელჩს აკრედიტაცია გაუუქმა და უკრაინაში ირანის დიპლომატიური უწყების პერსონალის რაოდენობა შეამცირა.

კიევში აცხადებენ, რომ თეირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდება ეწინააღმდეგება ირანის ხელისუფლების მიერ ღიად დაფიქსირებულ ნეიტრალიტეტსა და უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

მედიის ცნობით, აკრედიტაციის გაუქმების შემდეგ, უკრაინაში ირანის ელჩი მოვალეობას ვერ შეასრულებს და თეირანში უნდა დაბრუნდეს.