საქართველოში ირანის ელჩი - უვიზო რეჟიმის რეგულაციებში ცვლილება უნდა შევიდეს
საქართველოში ირანის ელჩი - უვიზო რეჟიმის რეგულაციებში ცვლილება უნდა შევიდეს

საქართველოში ირანის ელჩი ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის შესახებ 2010 წელს ხელმოწერილ შეთანხმებაში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს.

სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდი არ გამორიცხავს, რომ ბოლო პერიოდში ირანის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებული პრობლემები ამ დოკუმენტში არსებულ ნორმებს უკავშირდებოდეს, რომლის მიხედვითაც,  ირანის მოქალაქეებს საქართველოში 45 დღის მანძილზე დარჩენის უფლება აქვთ. ამასთან, არ არსებობს შეზღუდვა განმეორებით სტუმრობაზე. დოკუმენტი არ ითვალისწინებს განსხვავებას ტურისტულ და საქმიან ვიზიტებს შორის.

ელჩი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ამ კუთხით პრობლემამ ორგანიზებული ხასიათი მიიღო.

„ დღეს არსებულ მოთხოვნებს 2010 წლის შეთანხმება არ პასუხობს და უნდა შეიცვალოს. 45-დღიანი პერიოდი მოიცავს ტურისტულ და საქმიან ვიზიტებს. თუ ამ 45 დღეში ირანის მოქალაქე იწყებს ეკონომიკურ საქმიანობას, მას ეკითხებიან, თუ რატომ აკეთებს ამას. თანახმა ვართ, შევასწოროთ რეგულაციები”, – განაცხადა ელჩმა.

დიპლომატი აცხადებს, რომ ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის აღდგენა დღის წესრიგში არ დგას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში შემოსვლაზე ნოემბერში უარი ეთქვა ირანის 434 მოქალაქეს.