ირაკლი შოთაძე - ასეულობით ყოფილი თანამდებობის პირის მიმართ დავიწყეთ სისხლის სამართლებრივი დევნა, რაც ჩემ მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების საფუძველი გახდა
ირაკლი შოთაძე - ასეულობით ყოფილი თანამდებობის პირის მიმართ დავიწყეთ სისხლის სამართლებრივი დევნა, რაც ჩემ მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების საფუძველი გახდა

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ასეულობით ყოფილი თანამდებობის პირის მიმართ დავიწყეთ სისხლის სამართლებრივი დევნა, რაც ჩემ მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების საფუძველი გახდა, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომის შემდეგ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

მან საპარლამენტო კომისიის სხდომაზე თანამდებობის დატოვების მიზეზებზე დეტალურად ისაუბრა.

„არ იყო ეს ჩემთვის მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდანაც განვმეორდები, რომ მე ამ გადაწყვეტილების მართებულობაში ეჭვი არ მეპარება. 2015 წლიდან გავხდი მთავარი პროკურორი და ჩემი მთავარი პროკურორობის პერიოდში, მთელი ჩემი საქმიანობა მიმართული იყო პროკურატურის გაძლიერებაზე, განვითარებაზე, რეფორმირებაზე. ამ ყველაფრის მიზანი იყო, რა თქმა უნდა, პროკურატურის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის გაზრდა, ინდივიდუალური პროკურორების დამოუკიდებლობის გაზრდა, პროფესიონალიზმის ამაღლება და სისტემაში კონკურენტუნარიანობის გაზრდა და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრისკენ იყო მიმართული ჩემი მუშაობა.

ჩემს განცხადებაშიც აღვნიშნე და ახლაც განვმეორდები, რომ პირადად მე და მთელი საქართველოს პროკურატურა ყოველთვის დაზარალებულების გვერდით იდგა და დღესაც დაზარალებულების გვერდით დგას, თუმცა ასევე ადამიანურ ფაქტორზე გავამახვილე ყურადღება, რომ, რა თქმა უნდა, არაფრად არ მიღირდა არავის სიცოცხლე, ორი შვილი მეზრდება და არანაირი თანამდებობა ამ შემთხვევაში არ ღირს ამად. შესაბამისად ჩემი უპირველესი გზავნილი, ამ ჩემი გადაწყვეტილებით საზოგადოებისადმი, დაზარალებულებისადმი იყო ის, რომ ამ შემთხვევაში პროკურატურას ხელი არავისთვის არ დაუფარებია. არც ერთ პროკურორს არავისთვის ამ სისხლის სამართლის საქმეში ხელი არ დაუფარებია.

ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ ის რეალობა, თანამდებობის პირმა მოტივებზე რომ ვილაპარაკოთ, რატომ შეიძლება ვინმემ ვინმეს ხელი დააფაროს, ეს უპირველესი მოტივი არის თანამდებობის შენარჩუნება და ვფიქრობ, ამით საზოგადოებამ უნდა დაინახოს ის, რომ საქართველოს პროკურატურაში არავის ამის მოტივაცია არასდროს არ ჰქონია და ეს თანამდებობა ჩვენთვის არის შესაძლებლობა, ვემსახუროთ ქვეყანას.

შესაბამისად, მივიღე ეს გადაწყვეტილება და იმ პერიოდში იმ სიბინძურეს, რომელიც იყო პროკურორებისა და კონკრეტულად ჩემ მიმართ იყო, შევაფასებდი, როგორც პოლიტიკურ ანგარიშსწორებას კონკრეტულად ჩემ მიმართ.

გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ოჯახების ტრაგედია გამოიყენეს პოლიტიკური მიზნებისთვის და ამ შემთხვევაში ერთ-ერთ სამიზნედ ამირჩიეს მეც, პროკურატურაც აირჩიეს, იმიტომ, რომ ჩემი საქმიანობის, ჩემი მთავარი პროკურორობის პერიოდში ასეულობით ყოფილი თანამდებობის პირის მიმართ დავიწყეთ სისხლის სამართლებრივი დევნა, მოხდა მათი მსჯავრდება, თუნდაც დანაშაულებისთვის, რომელიც გულისხმობდა დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებას.

შესაბამისად, მე ამ ყველაფრის უკან გარკვეულწილად, ვხედავ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზანს, თუმცა ჩემი გადადგომის მთავარი მესიჯი დაზარალებულებისა და საზოგადოების მიმართ ის იყო, რომ პროკურატურას ამ სისხლის სამართლის საქმეში არავისთვის ხელი არ დაუფარებია, არ დააფარებს, აკეთებდა ყველაფერს და გააკეთებს ყველაფერს, რათა დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.