ირაკლი შოთაძე და რატი ბრეგაძე აშშ-ის გენერალურ პროკურორს, მერიკ გარლანდს შეხვდნენ
ირაკლი შოთაძე და რატი ბრეგაძე აშშ-ის გენერალურ პროკურორს, მერიკ გარლანდს შეხვდნენ

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აშშ-ის გენერალურ პროკურორს, მერიკ გარლანდს და გენერალური პროკურორის მოადგილეს, ბრიუს შვარცს შეხვდნენ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„შეხვედრას აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ სახელმწიფოს შორის სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი შოთაძემ ამერიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურის რეფორმირებისა და განვითარების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების მიერ შეტანილი წვლილისთვის და გაწეული დახმარებისთვის.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა აშშ-სა და საქართველოს კომპეტენტური უწყებების მიერ განხორციელებული ერთობლივი ძალისხმევის ეფექტიანობას, დანაშაულთან ბრძოლის, მათ შორის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების გამოძიებების მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს მხარეები მომავალში აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.