ირაკლი შოთაძე - საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვს დაეხმაროს პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში და ხელი შეუწყოს საზოგადოებაში მის ინტეგრაციას
ირაკლი შოთაძე - საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვს დაეხმაროს პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში და ხელი შეუწყოს საზოგადოებაში მის ინტეგრაციას

ბავშვზე მორგებული და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პროკურატურის მიერ ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის ცხრა თვის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„საქართველოს პროკურატურის მიზანია მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის მაქსიმალური ხელშეწყობა“, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

გენერალური პროკურორის განცხადებით, მართლმსაჯულების განხორციელებისას საჯარო ინტერესის გათვალისწინების პარალელურად, საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვს დაეხმაროს პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში და ხელი შეუწყოს საზოგადოებაში მის ინტეგრაციას.

„ამ მიზნით, პროკურატურა არასრულწლოვანთა მიმართ აქტიურად იყენებს სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიულ მექანიზმებს. სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია არასრულწლოვანთა მიმართ განრიდების პროცედურების და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ხარისხი“, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

გენერალურმა პროკურორმა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პროკურატურა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ამ მიმართულებით შესაბამის უწყებებთან აქტიურად თანამშრომლობს.

გენერალურმა პროკურორმა 2023  წლის ცხრა თვის ანგარიშის წარდგენისას, ასევე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სტატისტიკური მონაცემები მიმოიხილა, მათ შორის არასრულწლოვანთა განრიდებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის რაოდენობრივი მაჩვენებელი, მოთხოვნილი პატიმრობის და პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი არასრულწლოვნებში და არასრულწლოვანთა მიმართ გამოტანილი განაჩენები.

გენერალურმა პროკურორმა  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სრულყოფის მიზნით  2023 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან აქტივობებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, 2023 წლის დასაწყისში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების 2022 წლის შედეგების ანალიზის საფუძველზე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შედეგების შესახებ“ ანგარიში მომზადდა, რომელიც საქართველოს პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ირაკლი შოთაძის განცხადებით, 2023 წელს განრიდებულ არასრულწლოვანთა მახასიათებლების კვლევა განხორციელდა, სადაც წარმოდგენილია იმ გარემოებების ანალიზი, რომლებიც კრიმინოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს და შესაძლოა არასრულწლოვანთა დანაშაულებრივი ქცევის გამომწვევ მიზეზებს წარმოადგენდეს.

მისივე თქმით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) ფორმატში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე, მათ შორის, მოწმე და დაზარალებულ ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, გენერალური, დასავლეთ საქართველოს საოლქო და რაიონული პროკურატურის პროკურორების, მოსამართლეების და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა, სადაც საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტმა პრაქტიკაში გამოკვეთილ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მიზნით განსახორციელებელ აქტივობებზე ინფორმაცია წარადგინა.

„არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად გაზიარებული იქნა პროკურატურის ყველა პოზიცია და მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები“, – აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, ევროპის საბჭოს, გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, 2023 წლის ოქტომბერში თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზეც ისაუბრა. „კონფერენციაზე – „აღდგენითი მართლმსაჯულების როლი სისხლის სამართლის საქმეებში: გზა საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული მართლმსაჯულებისკენ“ პროკურატურის წარმომადგენლებმა განრიდების/განრიდება-მედიაციის 13-წლიანი წარმატებული გამოცდილებისა და მიღწეული შედეგების შესახებ მოხსენებები წარადგინეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა პროგრამის დანერგვიდან დღემდე განრიდება/განრიდება-მედიაციის განვითარების ეტაპებზე, იმ პრაქტიკული გამოწვევებზე, რომელსაც ქართულმა მართლმსაჯულებამ წარმატებით გაართვა თავი“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

გენერალური პროკურორის განცხადებით, საქართველოს პროკურატურა მხარს უჭერს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სისხლის სამართალწარმოებაში აღდგენითი მართლმსაჯულების კომპონენტის უფრო ფართოდ დანერგვას.