ირაკლი სესიაშვილი - რეზოლუციის ერთობლივი ტექსტის 95 პროცენტი შეთანხმებულია
ირაკლი სესიაშვილი - რეზოლუციის ერთობლივი ტექსტის 95 პროცენტი შეთანხმებულია

მაქვს შინაგანი რწმენა, რომ ერთ რეზოლუციას ყველა მხარს დავუჭერთ – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის ტექსტზე საუბრისას განაცხადა.

სესიაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ერთობლივი რეზოლუციის ტექსტის 95% ფაქტობრივად, შეთანხმებულია.

„მაქვს შინაგანი რწმენა, რომ ერთ რეზოლუციას ყველა მხარს დავუჭერთ. ეს სჭირდება ქვეყანას და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას. რაც შეეხება იმ მცირე, ასე ვთქვათ, დეტალს, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენს შორის განსხვავება, არ მგონია, რომ წარმოადგენდეს ისეთ ღირებულ პრინციპს, რომლის გამოც ოპოზიციამ უარი უნდა განაცხადოს საერთო რეზოლუციის მხარდაჭერაზე.

მე გეტყვით, რომ უდიდეს ნაწილზე, რაც არის ტექსტის 95%, ჩვენ ფაქტობრივად, შეთანხმებული ვართ და სულისკვეთება არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას სჭირდება.

რაც შეეხება, ერთ დეტალს, აქაც შეგვიძლია ჩვენ ვიმსჯელოთ. თქვენ ხედავთ, რომ „ქართული ოცნება“, უმრავლესობა ჩაკეტილი არ არის. მე ვემხრობი თუ არა, ამისთვის მაქვს შესაბამისი არგუმენტები და არა იმიტომ, რომ ოპოზიციის მხრიდან არის შემოთავაზებული.

მაქვს არგუმენტები, რომელზეც შეიძლება ვიმსჯელოთ უკვე სესიის ფარგლებში, დღეს არ მინდა, ამაზე დისკუსია გავხსნათ. კამერების გარეშე ჩემს არგუმენტს გეტყვით“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.