ირაკლი სესიაშვილი - ყველა კითხვაზეა პასუხი, მაგრამ ჩვენს ოპონენტებს სახელმწიფოს უწყებების სწორ მოქმედებებზე კარგის თქმა უჭირთ
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ სამწუხაროდ, კლუბებში ნარკოტიკების გასაღებას სისტემური ხასიათი აქვს, რისი მაღალი ეჭვი არსებობს.
ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში შს მინისტრის გიორგი გახარიას გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ სამწუხარო რეალობაა ის, რომ 20 მარტიდან 30 აპრილამდე ნარკოტიკული საშუალებების გამო ათი ახალგაზრდა დაიღუპა და რამდენიმე ათეული საავადმყოფოში მოხვდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე უფლება ჰქონდა, ჩხრეკა ჩაეტარებინა ისე, როგორც განჩინებაში იყო მითითებული. საუბრობენ, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალის გადამეტება მოხდა, მაგრამ შემთხვევა არ ყოფილა, რომ რომელიმე მოქალაქეს ან საჩივარი დაეწეროს ან სახალხო დამცველისთვის მიემართოს. ყველა კითხვაზე პასუხი არსებობს, მაგრამ ეს პოლიტიკოსებს არ აწყობთ, რადგან ჩვენს ოპონენტებს სახელმწიფოს უწყებების სწორ მოქმედებებზე კარგის თქმა უჭირთ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.