პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, უკრაინის მოქალაქეები გამოძიებას უსაფუძვლოდ არ დაუკავებია.
სესიაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავის რევოლუციურ ზრახვებს არ მალავდა და მისი მხრიდან აგრესიული და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები არაერთხელ გაკეთდა.
„ლოგიკას მოკლებული არ არის, რომ გარკვეული მცდელობები ამ მიმართულებით სააკაშვილსა და მისი გუნდის წევრებს ჰქონოდათ. შეიძლება, ეჭვები გაგვიჩნდეს და ვერსიებზე ვისაუბროთ, მთავარია, გამოძიება რას იტყვის. ისინი გამოძიებას უსაფუძვლოდ არ დაუკავებია. თუ პოლიტიკური საფუძვლები გამოიკვეთება, არ გაგვიკვირდება იმ რევოლუციური განცხადებებიდან გამომდინარე, რასაც სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები აკეთებდნენ”, – განაცხადა სესიაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.