ირაკლი სესიაშვილი - მაჩალიკაშვილის საქმეში ჩართული არიან დამოუკიდებელი ექსპერტები და გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ
ირაკლი სესიაშვილი - მაჩალიკაშვილის საქმეში ჩართული არიან დამოუკიდებელი ექსპერტები და გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში ჩართული არიან დამოუკიდებელი ექსპერტები და საზოგადოება გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდოს.

როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, საკითხის თაობაზე პოლიტიკური სპეკულაციები ისმის, რაც საერთო სახელმწიფო ინტერესების გაუაზრებლობას ნიშნავს.

„ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება ძალიან ძნელია, ეს ოჯახისთვის ტრაგედიაა და მათ მწუხარებას ვიზიარებ. ყველას გვესმის, რომ ტერორიზმი გლობალური საფრთხეა და მასზე ადეკვატური რეაგირება უნდა მოვახდინოთ, თუმცა მთავარი პრობლემა სხვაგან არის. ტერორიზმთან ბრძოლა არ არის ცალკეული უწყების, მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევა. ვფიქრობ, ტერორიზმთან ბრძოლის ფესვებზეც უნდა ვილაპარაკოთ და ვთქვათ, რომ საზოგადოებაც უნდა იყოს მობილიზებული. ყველას მეტი ყურადღება გვმართებს. ბოლო მოვლენებმა გვაჩვენა, რომ აქ პრობლემა უფრო სიღრმეშია და პოლიტიკური სპეკულაციები ისმის. იმ ფაქტებზე დუმილი ან თვალის დახუჭვა, რომ ჩვენს ქვეყანაში ტერორიზმთან მიმართებაში გარკვეული მოძრაობები იყო, სამწუხაროდ იმის საფუძველია, რომ ტრაგედია მოხდა, დაგვეღუპა სპეცრაზმელი, გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი. ერთიანობა გვმართებს“, – აღნიშნავს დეპუტატი.

სესიაშვილი ოპონენტებს მოუწოდებს, პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ.

„აბსოლუტურად მიუღებელია პოლიტიკური სპეკულაციები, რასაც ადგილი აქვს. ყველაფერს პასუხს გასცემს გამოძიება. ამ პროცესში ჩართულები არიან დამოუკიდებელი ექსპერტები და გამოძიებას უნდა დაველოდოთ, თუმცა პოლიტიკური სპეკულაციები გაუზიარებლობაა საერთო სახელმწიფო ინტერესების. საერთო სახელმწიფო ინტერესია ის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და სახელმწიფოს პერსპექტივები დაცული იყოს, თუმცა ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ჭარბობს. სწორად უნდა გავიაზროთ, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში საზოგადოებაც და სახელმწიფოც ერთად უნდა იდგნენ“, – აცხადებს სესიაშვილი.

კანონმდებელი ყურადღებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე ამახვილებს და განმარტავს, რომ ტერორიზმის უკან არ დგას რომელიმე ეთნიკური, რელიგიური ჯგუფი ან რეგიონი.

„ასეთი მიდგომა მიუღებელი და დაუშვებელია. ყველას მოვუწოდებ, ამაზე საუბრისგან თავი შეიკავოს. ტერორიზმის უკან გარკვეული მიზნები დგას, რომელსაც არც რელიგიური და არც ეთნიკური საფუძველი არ აქვს, თუმცა შეიძლება მოწყვლად ჯგუფებზე ვისაუბროთ. მსგავსი ფაქტები რომ არ დავუშვათ, საზოგადოების ჩართულობა და რეაგირება უნდა მოხდეს, რაც საერთო ინტერესებში შედის. ტერორიზმთან ბრძოლაზე პასუხისმგებლობას მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვაკისრებთ. ამ საქმის მტკიცებულებებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა გარკვეული მტკიცებულებები გამოაშკარავდა და ვიდეომასალები არსებობდა. ასევე არსებობს დამატებითი ჩანაწერებიც. ჩანაწერების ანალიზი პარტნიორებთან ერთად მოხდა. დიდი ალბათობით ეჭვი არსებობს, რომ ამ ადამიანებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული აქტების მომზადებაში, თუმცა ეს გამოძების დასადგენია და შემდეგ საკითხს სასამართლო გადაწყვეტს. გამოძიებას უნდა დაველოდოთ, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. დანარჩენ შემთხვევაში, მომავალზე უნდა ვიფიქროთ. თუ საზოგადოება და უსაფრთხოების სამსახურები გაერთიანდებიან, ნაკლები პოლიტიკური სპეკულაცია იქნება და თავს უფრო დაცულად ვიგრძნობთ“, – დასძინა სესიაშვილმა.

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.