ირაკლი სესიაშვილი - თავად აუდიტის სამსახურმა დაადასტურა, რომ ანგარიშში სისხლის სამართლებრივი დარღვევები არ არის
თავად აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელები ადასტურებენ, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული ზოგადად სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის საქმეში, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ნდობის ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აღსანიშნავია აუდიტის სამსახურის ძალიან ეფექტური მუშაობა და ის გეგმები, რაც ამ სამსახურს გააჩნია.
როგორც ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, აუდიტის სამსახური პარლამენტისთვის საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისთვის ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია და ამ მხრივ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
ავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, პროგრესი არის როგორც ადმინისტრირების მიმართულებით, ასევე დარღვევების კლების ტენდენციის თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ეს გასახარია.
„თუმცა, რა თქმა უნდა, რეკომენდაციების ნაწილში ჩვენი ერთობლივი მუშაობა გრძელდება. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული, გარკვეული ადმინისტრაციული ხარვეზები მოდის და ამ მხრივაც შეინიშნება აშკარად გაუმჯობესების ტენდენციები. შემდგომში, უშუალოდ სხვა უწყებებთან სხდომების გამართვის პირობებში, ამ რეკომენდაციებზე კიდევ უფრო აქტიურად და ეფექტურად ვიმუშავებთ. რაც შეეხება, ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, მე ვიტყოდი, რომ არის არაობიექტურად გადაჭარბებული იმიტომ, რომ თავად აუდიტის სამსახურმა დაადასტურა, რომ ანგარიშში სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები არ არის. აქ საუბარია გარკვეულ ხარვეზებზე, რომლებიც თვითონ ამ პროცესშიც კი გამოსწორების ნიშნებს შეიცავს. თქვენ იცით, რომ ჩვენ შევეხეთ 2015-16 წლებს და გარკვეული შენიშვნები, რაც იყო აუდიტის სამსახურის ანგარიშებში დაფიქსირებული, გადავამოწმე შესაბამის უწყებებში და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ მხრივ, აქამდე გაცემული რეკომენდაციები უკვე შესრულებულია. ეს ძალიან პოზიტიურ მოლოდინებს გვიჩენს და კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით იმ შენიშვნებს, რაც აუდიტის სამსახურმა დააფიქსირა. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ რიგ შემთხვევებს უწყებები არ ეთანხმებიან, რაც ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას რომ უშუალოდ უწყებებთან გავიაროთ, თუ რა საფუძველი აქვთ მათ არდათანხმებას“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.