ირაკლი სესიაშვილი - სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შეიძლება მიიტანო შტურმი პარლამენტზე, დაამხო, პოლიციელს ჩაარტყა და ძალადობას პოლიტიკური ნიშანი მიაწერო
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შეიძლება შტურმი მიიტანო პარლამენტზე, დაამხო, პოლიციელზე იძალადო და შემდეგ ამას პოლიტიკური ნიშანი მიაწერო.
სესიაშვილის თქმით, 20 ივნისი მმართველი გუნდისთვის მტკივნეული თარიღია ერთი მხრივ იმის გამო, რომ მოქალაქეებმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღეს, ასევე წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ეს ყველაფერი „ქართული ოცნებისთვის“ რიგითი მოვლენა არ არის.
„20 ივნისი ძალიან მტკივნეული დღეა თითოეული ჩვენგანისთვის. ერთი, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღეს და თუ კი წინა ხელისუფლებისთვის ეს ყოველდღიურ, რიგით მოვლენას წარმოადგენდა, ჩვენთვის ეს ერთი დღე ძალიან მძიმეა.
მძიმე არის ასევე ეს დღე იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობენ ის პოლიტიკოსები, რომელთაც თავში მოსდით აზრად, რომ ძალადობრივად შეიძლება შტურმი მიიტანო პარლამენტზე, დაამხო, პოლიციელს ჩაარტყა, სამი საათის განმავლობაში ეძალადო და შემდეგ ამ ძალადობას რაღაც პოლიტიკური ნიშანი მიაწერო, ეს ტრაგედიაა პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით“,- განაცხადა სესიაშვილმა.
ირაკლი სესიაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს პირველი არხის ეთერში გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო, 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შტურმით აღება არ დაეშვა და პოლიტიკური შეფასება ოქტომბერში იქნება“.
სესიაშვილის თქმით, პრემიერის განცხადებას იზიარებს.
„ვეთანხმები პრემიერს, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს რეალობას. ყველა პირდაპირ ეთერში უყურებდა, რა ხდებოდა და ძალიან მარტივია განსაზღვრო, რეალურად ვინ ცდილობდა იქ რევოლუციის მოწყობას და პარლამენტის შტურმით აღებას. ამტომ საზოგადოებას რექცია ექნება.
ძალა, რომელიც ამას აკეთებდა, ხელისუფლებაში ამ ფორმითაა მოსული და ხელისუფლებას მართავდა ასევე დესტრუქციული მოქმედებებით, ისევე როგორც დღეს, სამწუხაროდ, ჩარჩენილი აქვს ტვინში, რომ შეიძლება ამ ქვეყანაში პოლიტიკური გარემო შეცვალო ძალადობრივი მეთოდებით.
ჩვენ ყოველთვის ვართ იმის მოხრე, რომ მართლმსაჯულება იყოს აბსოლუტურად დეპოლიტიზებული და ყოველთვის ადეკვატური პასუხი გაეცეთ, ვისაც ასეთი ქმედებები ახასიათებს და გამოავლენენ. უფრო ობიექტური მხრიდან ვიტყოდი, რომ ეს სახელმწიფო მაქსიმალურად უფრთხილდება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და დემოკრატიას. ისევ და ისევ იმ მიზნისთვის, რომ ამ ქვეყანამ მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, რათა ჩვენ ქვეყანას ჰქონდეს უფრო სწრაფი გზა ევროპისკენ და ევროატლანტიკური სივრცისკენ“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.