ირაკლი კობახიძე - აქცია ორგანიზებული იყო „ნაცმოძრაობისა“ და მისი ახალგაზრდული ფრთის, „სირცხვილიას“ მიერ, ორგანიზატორების ნაწილში ყველაფერი მკაფიოა
ირაკლი კობახიძე - აქცია ორგანიზებული იყო „ნაცმოძრაობისა“ და მისი ახალგაზრდული ფრთის, „სირცხვილიას“ მიერ, ორგანიზატორების ნაწილში ყველაფერი მკაფიოა

ამ ქვეყანაში სააკაშვილისა და დიღმელაშვილის წასალეკი არაფერი არ არის, რა თქმა უნდა, წალეკვის მორიგი მცდელობა წარუმატებელი იქნება, ამის გარანტირები ჩვენ ვიქნებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აქცია ორგანიზებული იყო „ნაცმოძრაობისა“ და მისი ახალგაზრდული ფრთის „სირცხვილიას“ მიერ და აღნიშნა, რომ ორგანიზატორების ნაწილში ყველაფერი მკაფიოა.

„რაც შეეხება მონაწილეებს, ამ აქციის სარჩული იყო ევროპული გზის მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ამ გზის გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი გაერთიანდა. იმ ადამიანების რაოდენობა ბევრად მეტია, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს და ასეთია ქვეყნის 85 პროცენტი. სამი მილიონი ადამიანი არის, რომელიც გუშინ აქციაზე არ თუ ვერ იდგა, მაგრამ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს. რა თქმა უნდა, ორგანიზატორების გეგმა და გათვლაა კონკრეტული და ეს გეგმა ბაკურიანში შემუშავდა. ეს გეგმა მარტივია – რატომღაც, მათ ერთი თვით ადრე იცოდნენ, რომ მაინც და მაინც ორ ქვეყანას მიენიჭებოდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ამაზე იყო გეგმები აგებული. იციან, რომ ევროინტეგრაცია მთელი საზოგადოებისთვის არის საერთო ინტერესი და კონსენსუსია ამ თემაზე. აქედან გამომდინარე, გათვლა იყო, რომ ეს ემოციურ ფონს შექმნიდა და ამას ეფუძნება გარკვეული არეულობის სცენარი, რომელიც უკვე დაანონსდა წალეკვის სათაურით. დიღმელაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რაც უკვე ვთქვი – ამ ქვეყანაში სააკაშვილისა და დიღმელაშვილის წასალეკი არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, წალეკვის მორიგი მცდელობა წარუმატებელი იქნება, ამის გარანტირები ჩვენ ვიქნებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.