დავით ბერძენიშვილი - 16 ივნისის აქციაზე ვაპირებ შევლას, „რესპუბლიკელების“ მცირე ჯგუფი სავარაუდოდ ვიქნებით, მაგრამ მთავარი 20 ივნისის აქციაა
დავით ბერძენიშვილი - 16 ივნისის აქციაზე ვაპირებ შევლას, „რესპუბლიკელების“ მცირე ჯგუფი სავარაუდოდ ვიქნებით, მაგრამ მთავარი 20 ივნისის აქციაა

16 ივნისის აქციაზე ვაპირებ შევლას, „რესპუბლიკელების“ მცირე ჯგუფი სავარაუდოდ ვიქნებით, მაგრამ 20 ივნისი არის მთავარი თარიღი, მთავარი 20 ივნისის აქციაა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა, დავით ბერძენიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

დავით ბერძენიშვილის თქმით, 20 ივნისის თაობა ევროპისკენ მიდის.

„მანამდე, სხვადასხვა მოტივით, პრეზიდენტი და სხვები სხვა ფორმით ახერხებენ, აი, ასე, შემავსებელი პატარ-პატარა ნაკადებიც ვერ შეუშლის ხელს 20 ივნისს. ამ ჩვენს ბოლო 40-45 წლიან ისტორიას, რამდენიმე პოლიტიკურ თაობას თავისი თარიღები აქვს. ჩვენ ვართ 1978 წლის 14 აპრილის თაობა, ჩემი თაობა არის ის თაობა, ვინც 14 აპრილს პირველმა, მიტინგის მერე თქვა, რომ ჩვენ აქ ვართ ქართველები, დაგვინახეთ მსოფლიო. მერე ერთი და მეორე 9 აპრილის თაობა. ეს არის ის ხალხი, მაშინ ძალიან ახალგაზრდები, დღეს ძალიან აქტიურად მოქმედი, რომლებმაც ფერი მისცეს ამ ქვეყანას რუკაზე. ეს არის 22-23 ნოემბრის თაობა, რომელმაც მოდერნიზაცია დაიწყო და ეს არის 20 ივნისის თაობა.

კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება მიიღება 23-24 ივნისს. ახლა მსჯელობის გაგრძელება იმაზე, რომ იქნებ არ იყო კარგი 20 ივნისს აქციის დანიშვნა, იქნებ „სირცხვილიამ“ გადადოს აქცია, არ არის სწორი და შემოვუძახებ თავს და თავს შევიკავებ, რომ მეტი არ ვთქვა. მაგალითად, მივესალმები, რომ 20 ივნისია. ეს თაობა მიდის ევროპისკენ. 20-მა ივნისმა გააგდო გავრილოვი საქართველოს მთავარი სავარძლიდან და ამ ახალგაზრდობამ, ახალმა პოლიტიკურმა ელიტამ, სამოქალაქო აქტივისტებმა, ადამიანებმა წლები შეალიეს, მიატოვეს საკუთარი პროფესიები, წლები შეალია იმას, რომ ეს 20 ივნისი იყოს ჩვენი სავიზიტო ბარათი. ამიტომ, კარგი თარიღია. ორი აქციიდან ერთია ნამდვილი და მეორე ყალბი. 20 არის ნამდვილი. კამერული იქნება ის შეხვედრა“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.