პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის მიმართვა რუსეთის ხელისუფლებისადმი თამამი და გაბედული ნაბიჯი იყო.
როგორც ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, ოკუპაციის წინააღმდეგ ყველა ნაბიჯი უნდა იყოს გამოყენებული.
„ჩვენ ვერ შევეგუებით ვერც ოკუპაციას და ვერც იმ მოცემულობას, როცა კონფლიქტის მიგვარებისთვის სივრცე არ არსებობს. ამიტომ, ის ნაბიჯი, რაც პრემიერმა გადადგა, თამამი და გაბედული ნაბიჯი იყო.
დიახ, ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ და უნდა გამოვიყენით ყველა შესაბამისი მექანიზმი, საშუალება, კომუნიკაციის ფორმა, რომ საერთაშორისო საზოგადიებასთან ერთად ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები და მიზნები დავიცვათ და უზრუნველვყოთ.
შეიძლება, ვიღაცას ეს არ მოეწონა, განსაკუთრებით იმ ოპონენტებს, რომლებსაც თავის მხრივ, თავისი პოლიტიკური ცოდვები აქვთ. ეს მოცემულობა მათ თავად შექმნეს და ვერაფერი გააკეთეს. ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ამ მემკვიდრეობას და მოცემულობას შევეგუებით. უნდა გადავდგათ ნაბიჯები. შეიძლება, ეს ვინმესთვის იყოს პოლიტიკურად არამომგებიანი, მაგრამ ჩვენ როცა ვსაუბრობთ სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე, ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე ნაკლებად ვამახვილებთ ყურადღებას“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას 12 მარტს უპასუხა. როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვში პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებას ყურადღებით გაეცნენ და კმაყოფილებას გამოხატავენ მიმართვაში გამოთქმულ განწყობებთან დაკავშირებით.