ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე პოლიტიკური ქულების დაწერაზე არ იფიქრონ
თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან და სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას გამოძიება პასუხს გასცემს, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ტერორიზმთან ბრძოლა ნებისმიერი ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევაა.
„ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალების ფაქტი თავისთავად მძიმეა, ოჯახისთვის ეს ტრაგედიაა. თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ ტერორიზმთან ბრძოლა ნებისმიერი ქვეყნისთვის ძალიან სერიოზული გამოწვევაა.
ეს გლობალური საფრთხეა. ამიტომ, ამ მიმართულებით საქართველო ვალდებულია რეაგირება მოახდინოს. მეტიც, ძალინ მნიშვნელოვანია ამ პროცესში საზოგადოების გარკვეული თემების ჩართულობა. ყველამ ერთად დავინახეთ, რომ ეს ტრაგედია ყველას შეგვეხო.
სპეცრაზმელი დაიღუპა, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. თუ სადმე კითხვა არსებობს, როგორც გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ისე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, გამოძიება თავის სიტყვას იტყვის. გამოძიება მაქსიმალური დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალ დღეზე უნდა ვიფიქროთ. მომავალი დღე ამ ქვეყნისთვის მშვიდობინი უნდა იყოს. აქ ყველას მეტი ფიქრი გვმართებს, მეტი შემართება და ჩვენი წვლილის შეტანა, რასაც სამწუხაროდ მე ვერ ვხედავ“,-განაცხადა სესიაშვილმა
ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, პოლიტიკური ქულების დაწერაზე არ იფიქრონ.
„ეს წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციაა, სხვა მეტი არაფერი. შეფარვით ვიწრო პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ მაშინ, როცა ეს საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება.
სპეკულაციაა მაშინ, როცა გამოძიება აქტიურ პროცესშია, ნდობის ჯგუფის სხდომა ჩატარდა, დამოუკიდებელი ექსპერტები ჩართულები არიან. არ მიმაჩნია ეს სწორად. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ სწორი ანალიზი გავაკეთოთ და ვთქვათ, რომ პრობლემა თემში და საზოგადოებაშია, ვიღაცა თვალს ხუჭავს. თუ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, აქ არის უფრო მეტი პრობლემა. ამაზეც ერთად ფიქრი მოგვიწევს”,- აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.