ირაკლი სესიაშვილი - დარწმუნებული ვარ, რეზერვით დაინტერესება ძალიან დიდი იქნება
ირაკლი სესიაშვილი - დარწმუნებული ვარ, რეზერვით დაინტერესება ძალიან დიდი იქნება

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, რეზერვის სისტემა მოქნილი და რეალისტურია, რომელიც ქვეყნის რეალობაზე მორგებულია.

როგორც პირველ არხს სესიაშვილმა განუცხადა, საქართველოს რეზერვის სისტემა თავდაცვისუნარიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რესურსიდან გამომდინარე, ქვეყანას შესაძლებლობა არ აქვს, უზომოდ დიდი ჯარი ჰყავდეს. მისი თქმით, წარდგენილი კონცეფცია ძალიან საინტერესოა და მასში ახალი კომპონენტები შემოდის.

“ეს კონცეფცია მყარი საფუძველი იქნება იმისათვის, რომ კარგი სისტემა ჩამოყალიბდეს და ჩვენ შევძლოთ, საქმიანობა ეფექტურად განვახორციელოთ. ეს სისტემა მოქნილი და რეალისტურია, რაც მთავარია, ჩვენს რეალობას მორგებულია. გარდა იმისა, რომ აქტიურ რეზერვში შეიარაღებული ძალების რეზერვი გვეყოლება, ასევე ტერიტორიული და სპეციალისტების რეზერვი იქნება. 21-ე საუკუნეში გამოწვევები არსებობს და შეიძლება ეს იყოს კიბერუსაფრთხოება, საინჟინრო და სამედიცინო მხარდაჭერა. ამიტომ, ამ კონცეფციით იკვეთება არა მხოლოდ შეიარაღებული ძალების რეზერვი, არამედ ქვეყნის რეზერვი, რადგან ტოტალური თავდაცვის პრინციპით ქვეყანა თავს ყველა კომპონენტით თავს იცავს და არა მხოლოდ სამხედრო ძალებით. აქტიურ რეზერვში გაწვეული იქნებიან მხოლოდ ის მოსამსახურეები, რომელთაც პროფესიული ან სავალდებულო სამსახური გაიარეს და მაღალი უნარ-ჩვევები აქვთ. სავარაუდოდ, ეს ადამიანები კონკურსის წესით შეირჩევიან იმდენად, რამდენადაც უკვე მიმზიდველი და ანაზღაურებადი პროფესიაა. დარწმუნებული ვარ, მოთხოვნა ძალიან დიდი იქნება და რეზერვისტთა რაოდეობის ზრდა ეტაპობრივად მოხდება. იმედი მაქვს, მომავალი წლიდან უფრო მეტი შესაძლებლობების მიღწევის საშუალება იქნება”, – განაცხადა სესიაშვილმა.

დეპუტატის ცნობით, 2018 წელს რეზერვის სისტემისთვის 1,5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რეზერვისა და მობილიზაციის ახალი კონცეფცია გამოაქვეყნა.