ირაკლი მექვაბიშვილი - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პანდემიის პირობებში სწრაფად მოახდინა რეაგირება, რა დროსაც 60 აუდიტი შესრულდა
ირაკლი მექვაბიშვილი - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პანდემიის პირობებში სწრაფად მოახდინა რეაგირება, რა დროსაც 60 აუდიტი შესრულდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, პანდემიის პირობებში სამსახურმა სწრაფად, ეფექტიანად მოახდინა რეაგირება და ამ პერიოდში 60 აუდიტი შესრულდა.

„ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელმა 89 პროცენტს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 11 ეფექტიანობის აუდიტი განვახორციელეთ, კონცენტრირება გავაკეთეთ პრიორიტეტულ დარგებზე, როგორიც არის ჯანდაცვა, განათლება და ეკონომიკური ბლოკი“, – აღნიშნა მექვაბიშვილმა.

მექვაბიშვილის განმარტებით, გასულ წელს, პანდემიის პირობებში აუდიტის სამსახურმა 900-მდე რეკომენდაცია გასცა.

„რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი გაიზარდა, უმნიშვნელოდ, მაგრამ ზრდა გვაქვს 42-დან 47 პროცენტამდე, რაც კარგია, თუმცა არა საკმარისი. სადაც ჩვენ დავინახეთ დანაშაულის ნიშნები, აუდიტის 28 ანგარიში გადაგზავნილია პროკურატურაში რეაგირებისთვის.

შემიძლია, გამოვყო სამი მიმართულება, სადაც ეს რისკები ყველაზე მეტადაა გამოკვეთილი. ჯამური დარღვევების თანხამ 35 მილიონი ლარი შეადგინა. პირველი მიმართულებაა შესყიდვების მართვა, მეორე – აქტივების მართვა და მესამე, ბიუჯეტური სახსრების განაწილება. ეს არის სამი სფერო, სადაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ რისკები გამოკვეთილია“, – განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ორგანიზაციებზე და საქართველოს რკინიგზის შემოწმების ნაწილზე.

„მარტო რკინიგზის ჭრილში ნუ განვიხილავთ ამ თემას. ჩვენ სისტემურად დავსვით ეს საკითხი, როდესაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მოვედით. რკინიგზასთან დაკავშირებით ხანგრძლივი სასამართლო პროცესი გვქონდა და ეს პროცესები ამ ეტაპზე დასრულებულია. რკინიგზის აუდიტორი არის დიდი ოთხეული. ფაქტობრივად, ყოველწლიურად რკინიგზას ამოწმებს დიდი ოთხეული და გარე აუდიტი. ერთ-ეთი მოტივაცია, თუ რატომ ტარდება ეს აუდიტი, არის ის, რომ მათ საერთაშორისო ვალდებულებები აქვთ, ბონდების სახით, ამიტომ ეს აუცილებელი პროცესია. ჩვენს წლევანდელ გეგმაში ეს საკითხი არ შევიტანეთ. ამის მიზეზი არის ის, რომ წელს თავიდან ბოლომდე ვკონცენტრირდებით ე.წ. კოვიდ აუდიტებზე და გვექნება ექვსი აუდიტი, რომელიც პანდემიასთან არის დაკავშირებული“, – აღნიშნა ირაკლი მექვაბიშვილმა.

მექვაბიშვილის განმარტებით, ჯანდაცვის ნაწილში შემოწმდება პანდემიიდან გამომდინარე შესყიდვები, განხორციელდება სამედიცინო სერვისების უწყვეტობის ეფექტიანობის აუდიტი, ეკონომიკურ ბლოკში შეისწავლიან, რამდენად იმოქმედა პანდემიამ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესზე, ასევე შეისწავლიან საკარანტინო ზონების მართვას, ხოლო განათლების ნაწილში, როგორ მიმდინარეობს დისტანციური სწავლება საჯარო სკოლებში, უწყვეტ ელექტრონულ სერვისებს.

„რკინიგზის თემას ჩვენ კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით წლის ბოლოსკენ და გადაწყვეტილებას მივიღებთ. ჩვენ შეგვიძლია, რკინიგზაში ჩავატაროთ იმ ტიპის აუდიტები, რომელიც ჩვენს მანდატშია. რაც შეეხება შემოწმების მიზანშეწონილობას, ეს სახელმწიფო აუდიტის გადასაწყვეტია და გადაწყვეტილება იქნება მიღებული მაშინ, როდესაც ამ საკითხზე ვიმსჯელებთ ჩვენი პრეზიდიუმის ფარგლებში“, – განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

აქვე, ირაკლი მექვაბიშვილი განმარტავს, რომ შესამოწმებელი ობიექტი ირჩევა რისკებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.

„წლიური გეგმა შედგენილია, საუბარია 50-ზე მეტ აუდიტზე. ამ წელიწადში მოსალოდნელი არ არის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური რაიმე ტიპის აუდიტით შევიდეს რკინიგზაში“, – განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.