შალვა პაპუაშვილი - 2023 წელს ჩატარდა პარლამენტის 65 პლენარული სხდომა და 622 კანონი იქნა მიღებული, სხდომების 15 პროცენტს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა ან არ დაესწრო
შალვა პაპუაშვილი - 2023 წელს ჩატარდა პარლამენტის 65 პლენარული სხდომა და 622 კანონი იქნა მიღებული, სხდომების 15 პროცენტს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა ან არ დაესწრო

გამოწვევების მიუხედავად, პარლამენტს საკანონმდებლო, საზედამხედველო თუ სხვა მიმართულებით საქმიანობის გზით არ დაუშურებია ძალისხმევა ჩვენი ხალხისა და სამშობლოს ინტერესების დასაცავად, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.

მისი თქმით, პლენარული სხდომების 15 პროცენტს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა ან არ დაესწრო.

„ამ კონტექსტში წარმოგიდგენთ 2023 წლის საპარლამენტო საქმიანობის რამდენიმე ძირითად მონაცემს. უფრო დეტალურად, 2023 წლის ანგარიში ბეჭდური სახით დარიგებულია და ასევე, ხელმისაწვდომია პარლამენტის ვებგვერდზე. 2023 წელს ჩატარდა საქართველოს პარლამენტის 65 პლენარული სხდომა. აღსანიშნავია, რომ 65 სხდომიდან ათს, რაც სხდომების 15 პროცენტს შეადგენს, ოპოზიციამ სხვადასხვა კონფიგურაციით ბოიკოტი გამოუცხადა და არ დასწრებია. პლენარულ სხდომებზე საქართველოს პარლამენტმა 622 კანონი მიიღო. მიღებული კანონებიდან აღსანიშნავია ისეთი კანონები, როგორებიც არის: წყლის რესურსების მართვის შესახებ; სამრეწველო ემისიების შესახებ; ტურიზმის შესახებ; საჯარო შესყიდვების შესახებ; ელექტრონული კომერციის შესახებ; პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ; თავდაცვის კოდექსი; პენიტენციური კოდექსი; მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები. სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ოპოზიციას ამგვარი კანონების განხილვაში თითქმის არ მიუღია მონაწილეობა. არადა, სწორედ მსგავსი საკითხებია, რომლებიც სინამდვილეში გადამწყვეტია ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის და ევროკავშირთან ჩვენი არსებითი დაახლოებისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ასევე, შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო საქმიანობის შესახებ სხვადასხვა სახის სტატისტიკა წარმოადგინა.

„საანგარიშო პერიოდში პარლამენტმა დაამუშავა: 620 საკანონმდებლო ინიციატივა, 54 საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება, კონვენცია, ანგარიში, ნდობის მისაღებად წარმოდგენილი კანდიდატები. განსახილველად შემოვიდა 142 საკანონმდებლო წინადადება და რვა პეტიცია, საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით ისარგებლა პარლამენტის 139-მა წევრმა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.