ირაკლი ლექვინაძე - უსაფრთხოების სტანდარტის მიღწევის შემთხვევაში, სასტუმრო „ველმონდი“ აუცილებლად გაიხსნება
ობიექტის ფუნქციონირებისთვის საჭიროა უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტი მაინც, ამ მინიმალური სტანდარტის მიღწევის შემთხვევაში, სასტუმრო „ველმონდი“ აუცილებლად გაიხსნება, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად სასტუმროს მიმართ უსაფრთხოების თვალსაზრისით, კრიტიკული შენიშვნებია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, სასტუმროს საქმიანობის შეჩერება ხისტი გადაწყვეტილება არ ყოფილა და ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
მისი თქმით, ადამიანების უსაფრთხოება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე კერძო სექტორის ინტერესები.
„ამ გადაწყვეტილების შინაარსი ძალიან მნიშვნელოვანია. გუშინ გამოცხადდა გადაწყვეტილება სასტუმროს საქმიანობის შეჩერებაზე, თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკები და რეკომენდაციების გავლის პროცესი, რომელშიც ჩვენც აქტიურად ვიყავით ჩართული“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.
შესაბამისად, მისი თქმით, კონკრეტული ბიზნეს სუბიექტის მიმართ რაიმე სახის ხისტი ქმედება არ განხორციელებულა, კომპანია ინფორმირებული იყო ყველა ხარვეზის შესახებ, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აქვს.
„ყველა ვთანხმდებით, რომ უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაში, თუ იქნება პროგრესული დინამიკა ამ უსაფრთხოების ნაწილის გამოსწორებაში, რა თქმა უნდა, ყველა უწყება მაქსიმალურად მზად არის, რომ მხარი დაუჭიროს სასტუმროს გახსნას. არსებული ხარვეზების შესახებ კომპანია მაქსიმალურად არის ინფორმირებული და რა უნდა გამოასწოროს, მათთვის ესეც ცნობილია.
რა თქმა უნდა, სეზონის პიკზე სასტუმროსთვის ასეთი გადაწყვეტილება მტკივნეულია, თუმცა ყველამ ერთად და მათ შორის კომპანიამაც, უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად პოზიტიური დინამიკა დავანახოთ ამ უსაფრთხოების ნაწილის გამოსწორებაში, რომ ადმინისტრაციულ უწყებას ჰქონდეს საშუალება მიიღოს მისი გახსნის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლექვინაძემ.
მისი შეფასებით, შესაძლოა, ბიზნესომბუდსმენის მხრიდან მსგავსი განცხადება უცნაურადაც ჟღერდეს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც უსაფრთხოების საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდის“) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს 18:00 საათამდე მისაცა ვადა, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და საქმიანობა შეწყვიტოს. როგორც პირველ არხს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განუცხადა, მუშაობის შეწყვეტის მიუხედავად, ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ პერსონალი ხელფასს მიიღებს.
სასტუმრო „ლეოგრანდში“ გასულ წელს ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.