ირაკლი კოვზანაძე - ანაკლიის პორტის პროექტი არ უნდა დაზარალდეს
ირაკლი კოვზანაძე - ანაკლიის პორტის პროექტი არ უნდა დაზარალდეს

ზოგადად, მიმაჩნია, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არ უნდა დაზარალდეს და ეს ამ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ჩემი დამოკიდებულება ასეთია, რომ ნებისმიერი ხმაური და აჟიოტაჟი ყველანაირ ფინანსურ პროექტს უშლის ხელს. ანაკლია არა მარტო სამრეწველო, პირველ რიგში, ფინანსური პროექტია. ამიტომ, ცხადია, ნებისმიერი ასეთი აჟიოტაჟი გარკვეულწილად, უქმნის პრობლემას, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რამდენადაც შესაძლებელია, ეს პროექტი განხორციელდეს. რამდენადაც ვიცი, სახელმწიფო მაქსიმალურად უწყობს ხელს და დარწმუნებული ვარ, მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს“, – განაცხადა კოვზანაძემ.

ამ განცხადებით ირაკლი კოვზანაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად შეიძლება, „თიბისი ბანკის” ირგვლივ მიმდინარე პროცესი ანაკლიის პორტის პროექტს უკავშირდებოდეს და შეიძლება თუ არა, ამ პროცესმა ანაკლიის პორტის პროექტი დააზარალოს.

ანალიტიკოს ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, რა განსაკუთრებული მნიშვნელობა და რისკები აქვს ანაკლიის პორტის პროექტს, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ ანაკლიას ერთი პლუსი აქვს, რადგან შავი ზღვის აკვატორიაზე, სიღრმეში შესვლისას, ფოთისა და ბათუმის პორტებისგან განსხვავებით, არის დაღრმავება და იქ შეიძლება, ე.წ პანამაქსის ტიპის გემები შევიდეს, რომლებიც ფოთსა და ბათუმში ვერ შევა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ხდება ანაკლიის პორტის პოლიტიკური მდგენელის ნაწილში, რომელმაც ტვირთები უნდა მოზიდოს, რადგან ანაკლიის პორტი თავისი რესურსით კონკურენციაში შედის თურქეთთან, კონკრეტულად – სტამბოლის პორტთან და შესაძლოა, თურქეთმა ეს გემები ბოსფორის სრუტეზე აღარ გამოატაროს, ან გადასახადი გაზარდოს, რაც შესაბამისად, ტრანსპორტირებულ ტვირთს გააძვირებს, ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ ანაკლიასთან დაკავშირებით არის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მდგენელი და იქ არის როგორც დასავლური, ასევე აღმოსავლური და სხვა ინტერესები. 

„მე ამ პროექტს ასე არ ვუყურებ, რომ ეს მხოლოდ ერთი, კონკურსში და ტენდერში გამარჯვებული ჯგუფის განსახორციელებელი პროექტია. ამას სახელმწიფოც ეხმარება. ამ პროექტის განხორციელება ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, ჩვენ გვაინტერესებს ეს პროექტი და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ ის განხორციელდეს. ყველა მეზობელ ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს, თურქეთსაც, რუსეთსაც და ჩვენს ნებისმიერ მეზობელს. ამ პორტის აშენებას ალტერნატივა არ აქვს. ამას ყველა ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული“, – განაცხადა კოვზანაძემ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა მექანიზმები შეიძლება აამუშაოს სახელმწიფომ სტიმულირებისთვის, ან სანქციების ამუშავების ნაწილში, იმ შემთხვევაში, თუ ანაკლიის პორტის მშენებლობის ვადებთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ გაგრძელდა, კოვზანაძემ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებებში არის დეტალები, რომლებსაც იხილავს როგორც მთავრობა, ასევე კონსორციუმი.

შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, კონსორციუმმა ანაკლიის პროექტის მართვის შესაძლებლობა დაკარგოს, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ არ სურს ამაზე ფიქრი.

„ალბათ, ამის გარკვეული მექანიზმები არსებობს. ეს ყოველთვის იქნება, ნებისმიერ კონკურსში, ან ტენდერში გამარჯვების დროს ჩადებული. მე ნამდვილად არ მინდა, ამაზე დღეს ვიფიქრო. თუმცა, ალბათ, ამის მექანიზმები არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის პროექტი, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა კოვზანაძემ.