ირაკლი კოვზანაძე - ახალი რეიტინგი საქართველოსადმი ინვესტორების ნდობას გააძლიერებს
სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor’s-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება პარლამენტის, მთავრობის და ეროვნული ბანკის ერთობლივი რეფორმების და მუშაობის შედეგია, – ასე ეხმაურება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი კოვზანაძე სააგენტოს მიერ ქვეყნისთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებას.
მისი თქმით, რეიტინგების გაუმჯობესება საქართველოსთვის ხდება მაშინ, როდესაც რეგიონი განიცდის კრიზისს და დღეს საქართველოს არც ერთ მეზობელს არ აქვს კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით უკეთესი რეიტინგი.
„სააგენტოს მიერ დადებითადაა შეფასებული საქართველოს ეკონომიკური ზრდა, რომელიც რეგიონის ქვეყნებთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით მაღალია. სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 2019-2022 წლებში ამ ქვეყნებთან შედარებით კვლავ მაღალი იქნება. გარდა ამისა ხაზგასმულია მთავრობის რეფორმები და ინიციატივები, განსაკუთრებით ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით, ასევე ისეთი ინიციატივები, როგორიცაა საპენსიო რეფორმა, საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარება, დეპოზიტების დაზღვევა და მიწის რეფორმა”-აცხადებს კოვზანაძე.
რაც შეეხება 2018 წელს მთლიანი ინვესტიციების მოცულობას, მშპ-ს 33 პროცენტს, რომელთა მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მშპ 5,7 პროცენტს შეადგენს, როგორც კოვზანაძე აღნიშნავს, ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს სარეიტინგო ჯგუფის ქვეყნებს შორის და საშუალოვადიან პერიოდში სააგენტო ამ კუთხით საქართველოს ლიდერობას უწინასწარმეტყველებს.
მისივე თქმით, რეიტინგის გაუმჯობესება კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე.
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ ფუარსმა“ (Standart & Poor’s) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „BB“-მდე (ბიბი) გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური“. ეს პირველი გაუმჯობესებაა 2011 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს რეიტინგი „BB-“ (ბიბი მინუსი) მიენიჭა.