Standart & Poor’s-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB“-მდე გაზარდა
Standart & Poor’s-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB“-მდე გაზარდა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standart & Poor’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „BB“-მდე გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური“.

ეს პირველი გაუმჯობესებაა 2011 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს რეიტინგი „BB-“ (ბიბი მინუსი) მიენიჭა.

Standart & Poor’s-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საქართველომ, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ბოლო წლებში შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა აჩვენა, რომელიც 2015-2018 წლებში საშუალოდ თითქმის 4-პროცენტიან ნიშნულზე იყო. პოზიტიური შეფასება აქვს კომპანიას სამომავლოდაც, რადგან მიიჩნევს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა მიმართული იქნება ექსპორტისა და უცხოური ინვესტიციების დივერსიფიცირებაზე, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას კომპანია მიმდინარე წელს 4.5-პროცენტიან ნიშნულზე ვარაუდობს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით, ნახევარი პროცენტით მეტია. ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი, 2019-2022 წლებში 4 პროცენტი იქნება, რაც რეგიონის ქვეყნებზე მაღალი მაჩვენებელია, – აღნიშნულია მიმოხილვაში.

ამასთან, დოკუმენტში მითითებულია, რომ ქვეყნის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2019 წლისთვის 4300 აშშ დოლარის ნიშნულზეა, რაც გლობალურად დაბალი მაჩვენებელია. 2020 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 5000 დოლარის ნიშნულთან ახლოს იქნება.

სარეიტინგო კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ქვეყნის საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში დარჩება შედარებით დაბალ ნიშნულზე და 2022 წლისთვის 43 პროცენტთან ახლოს იქნება.

მიმოხილვაში საუბარია საქართველოდან ექსპორტზეც, მათ შორის ევროკავშირში, სადაც პროდუქციის მიწოდება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ამოქმედების შემდეგ 30 პროცენტით გაიზარდა.

ქართული ეკონომიკისთვის შესაძლო რისკებს შორის სახელდება თურქეთსა და რუსეთში სავალუტო კურსების მერყეობა.

დატოვე კომენტარი