ირაკლი კობახიძე – კატასტროფული ვითარება იყო 2012 წელს, თუმცა მოვახერხეთ ვითარების შეცვლა, საერთოდ არ არსებობდა მედიაპლურალიზმი – „იმედში“ სპეცრაზმით შემოვარდნენ, „რუსთავი 2“ წაართვეს მფლობელს, მედია იყო მონოპოლიზებული

21:56, 28.11.2026

ადამიანის უფლებები – აქაც დაგვხვდა უმძიმესი მემკვიდრეობა, კატასტროფული ვითარება იყო 2012 წელს, თუმცა ფუნდამენტურად მოვახერხეთ ვითარების შეცვლა ადამიანის უფლებების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მედიაპლურალიზმი საერთოდ არ არსებობდა და მთლიანად მონოპოლიზებული იყო მედია.

„მედიაპლურალიზმი საერთოდ არ არსებობდა – სპეცრაზმით შემოვარდნენ ტელეკომპანია „იმედში“ და „რუსთავი 2“ წაართვეს საკუთარ მფლობელს, მთლიანად მონოპოლიზებული იყო მედია. უმძიმესი მემკვიდრეობა დაგვხვდა ბევრ სფეროში და ფუნდამენტურ პროგრესს მივაღწიეთ, და არის სფეროები, სადაც ვერ მივაღწიეთ პროგრესს, იმიტომ რომ ობიექტური მიზეზები არსებობს. ჩვენ თავს არ ვიმართლებთ, რომ მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა. პირიქით: სადაც მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა, იქ ჩვენ დაპირება გვქონდა გამოსწორების და სადაც შესაძლებელი იყო, ყველგან გამოვასწორეთ. აქ აღარ ვიხსენებთ იმას, რომ მძიმე მემკვიდრეობა იყო და დღესაც მძიმედ ვართ – ამას არ ვამბობთ: ოთხჯერ გავზარდეთ ეკონომიკა და ოთხნახევარჯერ ნაერთი ბიუჯეტი, და ასე შემდეგ. ევროკავშირს რაც შეეხება – ნულოვანი პროგრესი ჰქონდათ რეალურად. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, DCFTA-ს, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი – ჩვენ მივაღწიეთ ამას საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ აქაც მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა“, – აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი