ირაკლი კობახიძე - ყველაფერი მიანიშნებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხორავას ქუჩის დანაშაულის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება აინტერესებს
ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აინტერესებს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შესწავლა, მათ აინტერესებთ ამ დანაშაულის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საჯაროდ განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას.
„ნაციონალური მოძრაობა“, მათ საჯაროდაც განაცხადეს ამის თაობაზე, ისინი არ აპირებენ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას. ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მათ არ აინტერესებთ საქმის შესწავლა, მათ აინტერესებთ ამ დანაშაულის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას „ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში პარტიებს შორის კვოტები დღეს გადანაწილდა. კონსულტაციების შედეგად, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის შედგა, გადაწყდა, რომ 17-წევრიანი კომისიიდან ცხრა ადგილი „ევროპულ საქართველოს“ ერგება.