17-წევრიან საგამოძიებო კომისიაში „ევროპულ საქართველოს“ ცხრა წევრი ეყოლება
17-წევრიან საგამოძიებო კომისიაში „ევროპულ საქართველოს“ ცხრა წევრი ეყოლება

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში პარტიებს შორის კვოტები გადანაწილებულია. კონსულტაციების შედეგად, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის შედგა, გადაწყდა, რომ 17-წევრიანი კომისიიდან ცხრა ადგილი „ევროპულ საქართველოს“ ერგება. მათივე წარმომადგენელი იქნება კომისიის თავმჯდომარეც.

„უმცირესობას ანუ „ევროპულ საქართველოს“ ექნება უმრავლესობა კომისიაში. უმრავლესობა ნიშნავს ცხრა ადგილს. რაც შეეხება დანარჩენ კვოტებს, ის გადანაწილდება შესაბამის საპარლამენტო პარტიებს შორის. მათ შორის არის „ქართული ოცნება“, რომელსაც ბუნებრივია, ამ ადგილების ძირითადი ნაწილი ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ კონსულტაციების დასრულების შემდეგ.

პარლამენტის თავმჯდომარე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პარტიამ კომისიაში მუშაობაზე უარი განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ პარტიის წარმომადგენლებს სინამდვილეში საქმის შესწავლა არ აინტერესებთ. პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ საპარლამენტო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასა და მისი შემდგომი გამოძიების პროცესს ნათელს მოჰფენს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ცხადი მიზანი – ეს არის ნათელის მოფენა იმ საქმეზე, რომელიც დაკავშირებულია ამ ძალიან მძიმე დანაშაულთან. დიდი იმედი მაქვს, ყველა სუბიექტი, რომელიც დროებით საგამოძიებო კომისიაში იქნება, ამავე სულისკვეთებით იმოქმედებს. ამ შემთხვევაში, აუცილებლად მიაღწევს კომისია შედეგს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.