ირაკლი კობახიძე - პირდაპირ წერია კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებაში, რომ  სამი წლისთავზე მოსამართლეთა გადანიშვნაზე მსჯელობა აუცილებელია
ირაკლი კობახიძე - პირდაპირ წერია კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებაში, რომ  სამი წლისთავზე მოსამართლეთა გადანიშვნაზე მსჯელობა აუცილებელია

კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში მითითებულია, რომ 2024 წლის 31 დეკემბრამდე პირველად განწესების შემთხვევაში, უვადოდ განწესებამდე, მოსამართლე თანამდებობაზე შეიძლება, სამი წლით დაინიშნოს, – ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას  საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ მოსამართლეთა განწესებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ჩადებული შესაბამისი რეგულაციები და ის განმარტა, თუ რატომ არის „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილებების პროექტი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში.

„რაც შეეხება კონსტიტუციას, გარდამავალ დებულებებში გვაქვს მოცემული მეორე მუხლის მესამე პუნქტი, სადაც პირველ წინადადებაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 31 დეკემბრამდე პირველად განწესების შემთხვევაში, უვადოდ განწესებამდე,  მოსამართლე თანამდებობაზე შეიძლება, განწესდეს სამი წლის ვადით. თითოეული სიტყვა, რომელიც არის მოცემული ამ წინადადებაში, შეთანხმებული იყო ვენეციის კომისიასთან, ეს ფილტრი გაიარა და თითოეულ სიტყვაზე გვქონდა სერიოზული დისკუსია ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან. აქ არის მოცემული სიტყვები „უვადოდ განწესებამდე“, ეს არის საკვანძო ჩანაწერი, კერძოდ ნიშნავს, რომ აპრიორი ინიშნება მოსამართლე იმ პრეზუმფციით, რომ სამი წლის გასვლამდე ის უნდა გადაინიშნოს ან არ უნდა გადაინიშნოს, მაგრამ ამ საკითხის განხილვა სავალდებულოა კონსტიტუციის  ჩანაწერიდან გამომდინარე“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი განმარტებით, აქედან გამომდინარე, დღეს კანონში ვერ ჩაიწერება ვერავითარი ნორმა, რომელიც შეზღუდავს სამი წლის გასვლის შემდეგ ამ საკითხზე მსჯელობას. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს  კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა იქნება.

„პირდაპირ ტექსტობრივად წერია კონსტიტუციური კანონის გარდამავალი დებულების მეორე მუხლის მესამე პუნქტში, რომ აუცილებელია, სამი წლისთავზე მსჯელობა გადანიშვნის თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თუმცა  ამაზე მსჯელობა არის სავალდებულო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან გარდამავალი დებულების იმ ნაწილზეც ისაუბრა, რომელიც 10 წლით განწესებულ მოსამართლეებს ეხება.

„ასევე გვაქვს მოცემული მეორე წინადადება, რომელიც შეეხება ათი წლით განწესებულ მოსამართლეებს. გამოითქვა მოსაზრება, რომ ძირითადი და გარდამავალი დებულებები ითვალისწინებს ორ შემთხვევას: პირდაპირ უვადოდ დანიშვნა და უვადოდ დანიშვნა სამწლიანი გამოსაცდელი ვადის პირობით. აქ არ ყოფილა გათვალისწინებული ათწლიანი ვადით განწესება, რაც იყო პრაქტიკაში მოცემული კანონის საფუძველზე 2013 წლამდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის სპიკერის თქმით, 2013 წელს  აღნიშნული პრაქტიკა შეწყდა, ეს მოსამართლეები დღესაც ათწლიანი ვადით არიან დანიშნული.

„ზუსტად ამ მოსამართლეებისთვის კონსტიტუციაში ჩაიწერა შემდეგი  – „განსაზღვრული ვადით განწესებულ მოსამართლეზე“, ანუ ცხადია ტექსტი. სიცხადეზეც იყო საუბარი და არანაირი პრობლემა სიცხადის კუთხით არ არის – განსაზღვრული ვადით განწესებულ მოსამართლეზე უვადოდ განწესების დათქმა გავრცელდეს ორგანული კანონით დადგენილი წესით უვადოდ განწესების შემთხვევაში. იგულისხმება, რომ თუ მოსამართლე არის ათი წლით დანიშნული, ის არ ჩაითვლება ავტომატურად უვადოდ გადანიშნულად კონსტიტუციიდან გამომდინარე. თეორიული დაშვება არსებობდა და ამის გამოსარიცხად, კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ათწლიანი მოსამართლეები ავტომატურად არ ითვლებიან უვადოდ დანიშნულად, არამედ ამისთვის არის საჭირო საგანგებო აქტი უმაღლესი საბჭოს მხრიდან და ზუსტად ეს ჩაიწერა კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შესაბამისად, მისი თქმით, არსებობს სამი ჩანაწერი: ერთი ეხება პირდაპირ უვადოდ დანიშვნას, მეორე – სამწლიანი დათქმით უვადოდ განწესებას და მესამე  – ათი წლით დანიშნულ მოსამართლეებს.

პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციის 25-ე მუხლსაც შეეხო – ადამიანის ძირითადი უფლება. როგორც მან აღნიშნა, საუბარია, არამხოლოდ გარდამავალ დებულებებზე ან სხვა ძირითად ჩანაწერზე, არამედ ადამიანის ძირითად უფლებებზე, კერძოდ საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის კონსტიტუციის აღნიშნულ მუხლთან შეუსაბამობაზეც ისაუბრა.

„ამ ჩანაწერით გვაქვს ასეთი მოცემულობა – პირობითად, ადამიანი ორი წლის წინ არის დანიშნული სამწლიანი გამოსაცდელი ვადით. ვადა მომავალ წელს  გადის და ამ ჩანაწერის თანახმად, შეუძლებელია მისი დანიშვნა 2025 წლამდე. ანუ შეიცვალა პროფესიული საქმიანობის მიმართულება, იყო მაგალითად, აკადემიურ სფეროში დასაქმებული და გადმოვიდა სასამართლოში, ამისთვის ჩააბარა გამოცდა, დათმო ძველი სამსახური, ყველაფერი და მას ეუბნები, რომ მომავალ წელს არამარტო დაუმთავრდება სამოსამართლეო ვადა, არამედ ამ ვადის გაგრძელებაც შეუძლებელი. საკონსტიტუციო სასამართლოში ამ დავას ერთ წამში მოიგებს. აქ არ არის საუბარი წიაღსვლებზე. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ცალსახა ტექსტობრივი წინააღმდეგობაა კონსტიტუციის მოქმედ რედაქციასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კონსტიტუცია შემუშავებულია  ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. რეკომენდაცია მხოლოდ ორი შემთხვევაში არ იქნა გაზიარებული.

„ერთი – პარლამენტი ჩავრთეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაში და აქ გავითვალისწინეთ კონტექსტი.  მეორე – არ გავითვალისწინეთ ჩვენ, რომ ჩავწერეთ გარდამავალ დებულებებში ზუსტად ის, რასაც ვსაუბრობთ, ანუ სამწლიანი დათქმა ჩავდეთ უვადო დანიშვნის შემთხვევისთვის. ამის წინააღმდეგი იყო ვენეციის კომისია, თუმცა ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ მაინც გავწერეთ ეს ამ დოკუმენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი