ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის მთელი ისტორია არის ერთიანი ღალატის ქრონიკა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, სწორედ ამიტომ არ აქვთ მათ არავითარი ნდობა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის მთელი ისტორია არის ერთიანი ღალატის ქრონიკა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, სწორედ ამიტომ არ აქვთ მათ არავითარი ნდობა

ოპოზიციის მთელი ისტორია და მთელი მათი ბიოგრაფიები არის ერთიანი ღალატის ქრონიკა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. სწორედ ამის გამოა, რომ მათ არ აქვთ არავითარი ნდობა საზოგადოებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ისინი პირდაპირ ემტერებოდნენ სახელმწიფოს იმ პერიოდში, როდესაც კეთილსინდისიერ ოპოზიციონერს უნდა დაეკავებინა სახელმწიფოებრივი პოზიცია.

„მთელი მათი ისტორია, პოლიტიკოსების ბიოგრაფია, დაწყებული 2004 წლიდან დღემდე, არის ამის დასტური. გამუდმებული საბოტაჟი სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, რაც ჩვენ თვალწინ წარმოებდა, ასევე ის, რაც ხდებოდა გასული ოთხი წლის განმავლობაში – რევოლუციის ხუთი მცდელობა, აქედან ოთხი იყო ძალადობრივი და ყველაში იყო ჩართული მთელი ეს სპექტრი თავისი პოლიტიკური პარტიებით, თავისი „ენჯეოებით“ და მედიასაშუალებებით. ეს იყო ჩვეულებრივი ღალატის ქრონიკა, რასაც ვაკვირდებოდით მთელი ამ წლების განმავლობაში.

ყველას გვახსოვს მათი პოზიცია ომთან დაკავშირებით, რა იყო 2022 წელს და მოგვიანებითაც, ისინი პირდაპირ ემტერებოდნენ სახელმწიფოს იმ პერიოდში, როდესაც კეთილსინდისიერ ოპოზიციონერს უნდა დაეკავებინა სახელმწიფოებრივი პოზიცია. მათ ეს ვერ მოახერხეს, უფრო სწორად, არ მოახერხეს, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჰყავთ ერთადერთი პატრონი. ეს არის გარე ძალები, რომლებიც მათ აძლევენ დაკვეთებს და შემდეგ ისინი მოქმედებენ დაკვეთების შესაბამისად. კიდევ ერთხელ გავიხსენე, რა იყო ზეწოლის შინაარსი 2022 წელს და მოგვიანებითაც, რას გვთხოვდნენ დახურულ კარს მიღმა თუ საჯაროდ. ეს იყო ომში ჩართვა, ეს იყო მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა, ეს იყო სანქციების დაწესება და შემდეგ რაღაცნაირად ემთხვეოდა ხოლმე, რომ ოპოზიციის ქმედებებიც პირდაპირ აგრძელებდა იმ მოთხოვნებს, რომლებსაც ჩვენ ვიღებდით დახურულ კარს მიღმა თუ საჯაროდ. სრული თანხვედრა, სრული კოორდინაცია იყო არაკეთილმოსურნე გარე ძალებსა და ადგილობრივ ოპოზიციას შორის. მთელი მათი ისტორია და მათი ბიოგრაფიები არის ერთიანი ღალატის ქრონიკა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. სწორედ ამის გამოა, რომ მათ არ აქვთ არავითარი ნდობა საზოგადოებაში და ეს არჩევნებშიც გამოიხატება ხოლმე, ქუჩაშიც გამოიხატება ხოლმე, არის გამოხატული ყველგან და ყველაფერში“, – განახცადა პრემიერ-მინისტრმა.