ირაკლი კობახიძე - სინანულს ვინც გამოხატავს, ექნება აღიარება, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება, ანგარიშგასაწევია ისიც, რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბევრი შეცდომაში შეიყვანეს
ირაკლი კობახიძე - სინანულს ვინც გამოხატავს, ექნება აღიარება, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება, ანგარიშგასაწევია ისიც, რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბევრი შეცდომაში შეიყვანეს

სინანულს ვინც გამოხატავს, ვისაც ექნება აღიარება, ის გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს ეხებოდა.

კობახიძის თქმით, ანგარიშგასაწევია ისიც, რომ ძალიან  ბევრი ადამიანი უბრალოდ შეცდომაშიც შეიყვანეს, ისეთ პროცესში ჩართეს, რაც, შეიძლება, საერთოდ არ უნდოდათ.

„მიხარია, რომ პროცესი დაიძრა. ჩვენ ვთქვით, რომ სადაც იქნებოდა აღიარება, სინანული, იქ გვექნებოდა შესაბამისი რეაგირება. მოხარული ვართ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ, ბოლომდე აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გააკეთეს და ეს ძალიან დასაფასებელია, მნიშვნელოვანია. ჩვენი პირობა ძალაშია, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება. ვინც გამოხატავს სინანულს, ვისაც ექნება აღიარება, ის გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან. ისიც არის ანგარიშგასაწევი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ შეცდომაშიც შეიყვანეს, ისეთ პროცესში ჩართეს, რაც, შეიძლება, საერთოდ არ უნდოდათ.

საბოლოო ჯამში, სრულად ვერავინ აირიდებს პასუხისმგებლობას, მორალურ პასუხისმგებლობას, რადგან ამ აქციის პირდაპირი სათაური იყო – დამხობის აქცია. დამხობის აქციაზე გავიდა არაერთი ადამიანი, პოლიტიკოსები, სალომე ზურაბიშვილიც დამხობის ჟინით მივიდა იმ აქციაზე, თუმცა წამოვიდა იმედგაცრუებული, ვიღაც გაჰყვა პრეზიდენტის სასახლემდე, ვიღაც არ გაჰყვა.

მთავარია, ჩვენ გვქონდეს პრევენციული ეფექტი. არავის ციხეში ყოფნა არავის არ უხარია, მთავარია, გვქონდეს პრევენციული ეფექტი, რათა მომავალში არავინ არც გაიფიქროს ასეთი ქმედებების დაგეგმვა. ეს არის ჩვენთვის მთავარი ამოცანა“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.