ირაკლი კობახიძე - გვინდა, 14 დეკემბერს ათიათასობით ადამიანი შეიკრიბოს თბილისის ცენტრში, რათა საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა ერთად აღვნიშნოთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 14 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი ღონისძიება, ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.
„მობილიზება, რა თქმა უნდა, ჩვენი, „ქართული ოცნების“, მხრიდან ხორციელდება. ეს პარტიული რესურსია, რომლის მიბილიზებასაც ვახორციელებთ. საზეიმო ღონისძიებაა, რომელიც ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას ეძღვნება. ეს ჩვენთვის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. შესაბამისად, მინდა, რომ ამას მივუძღვნათ სათანადო ღონისძიება და გვინდა, რომ ათიათასობით ადამიანი შეიკრიბოს თბილისის ცენტრში, რათა ეს მოვლენა ყველამ ერთად აღვნიშნოთ“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
6 ნოემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, 14 დეკემბერს მასშტაბური შეკრება გაიმართება, რომელიც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულს შეაჯამებს.