ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ორგანიზაციის ეფექტური თავმჯდომარეობისთვის მადლობას უხდიან
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ორგანიზაციის ეფექტური თავმჯდომარეობისთვის მადლობას უხდიან

საქართველოს თავმჯდომარეობის დასრულების შემდეგ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკ დაემსმა საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით წერილი გამოუგზავნეს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა უპრეცედენტო გამოწვევას, „კოვიდ–19“-ის პანდემიას დაემთხვა, თუმცა საქართველომ მოახერხა სიტუაციასთან ადაპტირება, გამოძებნა კრეატიული და ეფექტური გზები პრიორიტეტების წარმატებით განსახორციელებლად.

„დიდად ვაფასებ იმ მეთოდებს, რისი საშუალებითაც საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა სიტუაციასთან ადაპტირება, გამოძებნა კრეატიული და ეფექტური გზები პრიორიტეტების წარმატებით განსახორციელებლად. თქვენი პრიორიტეტები, რომლებიც ევროპის საბჭოს მანდატთან სრულ შესაბამისობაში იყო, ამავდროულად გაბედული და ამბიციური გახლდათ და ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის სფეროში სიახლე დაამკვიდრა“, – ნათქვამია გენერალური მდივნის წერილში.

გენერალური მდივანი ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მიერ შერჩეული პრიორიტეტები სოლიდური და ამბიციური იყო და ამასთანავე, საქართველომ თავმჯდომარეობისას ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის სფეროში სიახლე დაამკვიდრა.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი მადლიერებას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლებისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ, საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესისთვის.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი უაღრესად დადებითად აფასებს საქართველოს თავმჯდომარეობის მიღწევებს და მადლიერებას გამოხატავს თავმჯდომარეობის ექვსთვიან პერიოდში არსებული თანამშრომლობისა და აზრთა გულწრფელი ურთიერთგაცვლისთვის.

„თქვენ უნდა იამაყოთ ექვსი თვის განმავლობაში თქვენი მიღწევებით, ასევე იმით, თუ როგორ გაართვით თავი თავმჯდომარეობას „კოვიდ–19“–ის პერიოდში, რამაც უკიდურესად რთულ პირობებში მინისტრთა კომიტეტის ეფექტური მუშაობა უზრუნველყო“, – წერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დაემსი.

რიკ დაემსი ასევე დადებითად აფასებს, პანდემიის დროს მკაცრი კარანტინის მიუხედავად, საქართველოს თავმჯდომარეობის მიერ მინისტრთა კომიტეტის, საპარლამენტო ასამბლეისა და გენერალური მდივნის ე.წ. სამმხრივი დიალოგის ხელშეწყობის მიზნით გაწეულ სამუშაოს.

საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტის, ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის არსებული ურთიერთკავშირის ხელშეწყობა, რაც წარმოადგენს საქართველოს თავმჯდომარეობის უაღრესად მნიშვნელოვან მემკვიდრეობას.

ამ კონტექსტში რიკ დაემსი მიესალმა საქართველოს, საბერძნეთისა და გერმანიის თავმჯდომარეობების ერთობლივ დეკლარაციას, რაც უზრუნველყოფს აღნიშნული საკითხის მომდევნო თავმჯდომარეობების დღის წესრიგში გათვალისწინებას და ხელს შეუწყობს ამ სფეროში ევროპის საბჭოს ინსტრუმენტების პოტენციალის სრულად ათვისებას.

დასასრულს, თანამშრომლობისათვის, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მადლიერებას გამოხატავს მინისტრისა და ელჩი გივიაშვილის მიმართ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის წერილების ორიგინალებსაც ავრცელებს.