საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას საბერძნეთს ოფიციალურად გადააბარებს
საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას საბერძნეთს ოფიციალურად გადააბარებს

ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობაში დღეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელზეც საქართველოს მიერ საბერძნეთისთვის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ოფიციალური გადაბარება მოხდება. ღონისძება ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომა თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება და მას ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი გივიაშვილი გახსნის, რომელიც სიტყვას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს გადასცემს.

მათივე ცნობით, დავით ზალკალიანი თავის გამოსვლაში შეაჯამებს გასული ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს თავმჯდომარეობის მიღწევებსა და შედეგებს, მიმოიხილავს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების იმპლემენტაციის კუთხით გამართულ ღონისძიებებსა და კულტურულ პროგრამას.

სხდომაზე ასევე სიტყვით გამოვლენ და საქართველოს მიერ თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეულ საქმიანობას შეაფასებენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა კომისარი და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი.

დავით ზალკალიანის სიტყვით გამოსვლის შემდეგ საქართველოს ელჩი თავმჯდომარეობის სიმბოლურ გასაღებს გადასცემს ევროპის საბჭოში საბერძნეთის მუდმივ წარმომადგენელს.

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა 2019 წლის 27 ნოემბერს გახდა და თავისი თავმჯდომარეობის პრიორიტეტებად განსაზღვრა: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს თავმჯდომარეობის სამოქმედო პროგრამის ფარგლებში ყველა ძირითადი პრიორიტეტის მიმართულებით გაიმართა შესაბამისი ღონისძიებები.

„აღსანიშნავია, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემია ურთულეს გამოწვევად იქცა ორგანიზაციის მუშაობისთვის, თუმცა საქართველოს თავმჯდომარეობის ძალისხმევითა და ორგანიზაციის შესაბამისი სამსახურების მხარდაჭერით, მინისტრთა კომიტეტის მუშაობა განახლდა აპრილის დასაწყისიდან ახალი სამუშაო მეთოდებით, როგორიცაა წერილობითი პროცედურა და ვიდეოკონფერენციები. შესაბამისად, შესაძლებელი გახდა მინისტრთა კომიტეტის მიერ სხდომების ჩატარება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ასევე, მიღებულ იქნა მინისტრთა კომიტეტის დეკლარაცია „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლის დროს ევროპის საბჭოს სტანდარტებისა და ფასეულობების შენარჩუნებაზე“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი