ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარების ღონისძიებაზე საქართველო, საბერძნეთი და გერმანია ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ
ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარების ღონისძიებაზე საქართველო, საბერძნეთი და გერმანია ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ

ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი გივიაშვილი აცხადებს, რომ სტრასბურგში ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარების ღონისძიებაზე საქართველო, საბერძნეთი და გერმანია ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ.

მისივე თქმით, საქართველოს მიერ საბერძნეთისთვის თავმჯდომარეობის გადაბარება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე მოხდება.

„აღნიშნული სხდომა ონლაინრეჟიმში გაიმართება ​კოვიდპანდემიის გამო, რაც ბუნებრივია, არ იყო თავის დროზე გათვალისწინებული და ჩვენ ვაპირებდით მინისტერიალის ჩატარებას. რაც შეეხება საქართველოს თავმჯდომარეობას ექვსი თვის განმავლობაში. სტარტი აიღო ძალიან წარმატებულად, გვქონდა არაერთი მასშტაბური კულტურული ღონისძიება, არაერთი კონფერენცია, სადაც მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლები, მათ შორის მინისტრები, მივიღეთ არაერთი დეკლარაცია და დოკუმენტი. თუმცა, ბუნებრივია, „კოვიდ-19“-ის პანდემიამ გავლენა იქონია ევროპის საბჭოში მუშაობაზე და საქართველოს თავმჯდომარეობაზეც, მაგრამ მინდა, გითხრათ, საქართველოს თავმჯდომარეობამ სწრაფად მოახერხა კრიზისიდან გამოსვლა, მხოლოდ ორი სხდომა გაუქმდა პანდემიის პირობებში და ჩვენ უკვე აპრილის დასაწყისიდან აღვადგინეთ მინისტრთა კომიტეტის მუშაობა“, – განაცხადა ირაკლი გივიაშვილმა.

მისი თქმით, საქართველის თავმჯდომარეობა წარმატებულად იქნა მიჩნეული მათ შორის იმის გამო, რომ საქართველოს მიერ დასახული პრიორიტეტები საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ევროპის საბჭოსთვის.

„მე გამოვყოფდი პრიორიტეტს გარემოს დაცვაზე და ადამიანის უფლებებზე, რაზეც, მინდა გითხრათ, თავმჯდომარეობის გადაბარების დღეს, 15 მაისს მიღებული იქნება დეკლარაცია საქართველოს, როგორც წარმავალი თავმჯდომარის, საბერძნეთისა და გერმანიის, როგორც ორი მომავალი თავმჯდომარის მიერ ერთობლივად. ეს დეკლარაცია იქნება ამ თემაზე კავშირი, გარემოს უფლებებსა და ადამიანის უფლებებს შორის და გაიწერება მომავალი სამოქმედო გეგმა, რაც ბუნებრივია, ხაზს უსვამს, რომ ჩვენ დავტოვეთ საკმაოდ ძლიერი მემკვიდრეობა ამ ორგანიზაციისათვის“, – აღნიშნა ირაკლი გივიაშვილმა.

მისივე განმარტებით, ევროსაბჭოს შენობაში მხოლოდ საქართველოსა და საბერძნეთის ელჩები იქნებიან, ყველა სხვა მონაწილე კი ღონისძიებაში ონლაინრეჟიმში ჩაერთვება.

„გადაბარების ცერემონიალი იქნება შემდეგი სახით: მე, როგორც საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, ევროპის საბჭოს შენობაში გავხსნი სხდომას, შემდეგ ონლაინ სიტუვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი დავით ზალკალიანი, როგორც მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე. აღნიშნულის შემდეგ, მე ფიზიკურად იქვე გადავცემ საბერძნეთის ელჩს თავმჯდომარეობის სიმბოლურ გასაღებს. ამის შემდეგ უკვე სხდომას გაუძღვება საბერძნეთის ელჩი, რომელიც სიტყვას მისცემს საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. მისი გამოსვლის შემდეგ კი უკვე ისაუბრებენ მაღალი თანამდებობის პირები – ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, სასამართლოს თავმჯდომარე, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, კონგრესის თავმჯდომარე და ასევე, წევრი სახელმწიფოები. მე და საბერძნეთის ელჩი ვიქნებით ევროპის საბჭოს შენობაში, საიდანაც წარიმართება სხდომა და სადაც მოხდება გასაღების გადაცემა, სხვა ყველა თანამდებობის პირი და სახელმწიფო მონაწილეობას მიიღებს ონლაინრეჟიმში, ვინაიდან სტრასბურგი რჩება საფრანგეთის ე.წ. წითელ ზონად, სადაც ინფექციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და შეზღუდვები მკაცრია“, – განაცხადა ირაკლი გივიაშვილმა.

საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას საბერძნეთს დღეს ოფიციალურად გადააბარებს.