„ფრესკოს“ დამფუძნებელ ვასილ სოფრომაძეს მსგავსი განცხადებისა და საქციელის უნდა რცხვენოდეს, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
ხმალაძე სოფრომაძის ვიდეომიმართვას გამოეხმაურა, სადაც ამბობს, რომ ქალაქის მერია რეკომენდაციის სახით, ურჩევს ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავის მიწის ნაკვეთი იყიდოს.
ხმალაძის თქმით, რეკომენდაციასა და მითითებებს არქიტექტურის საქალაქო სამსახური გასცემს, მითითება სავალდებულოა, რეკომენდაცია კი, არა.
„ვასილ სოფრომაძეს მისმა თანამშრომლებმა მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია და გაკეთდა არასწორი ვიდეომიმართვა. ამაში რომ დავრწმუნდეთ, „ფრესკოს“ შეუძლია, სხვა ხარვეზები გაასწოროს, რომელიც მის პროექტს აქვს, აღნიშნული რეკომენდაცია არ მიიღოს მხედველობაში და ჩააბაროს. აიღებს მშენებლობის ნებართვას და მერე მგონია, რომ სინანულის გრძნობა გაუჩნდება“, – განაცხადა ვიცე-მერმა.
ხმალაძე აცხადებს, რომ სუბარია მცირე ზომის ნაკვეთზე, რომელსაც მის სიმამრთან ერთად რამდენიმე თანამესაკუთრე ჰყავს
„იქ არის მცირე ზომის ნაკვეთი და დგას ე.წ. ბარაკი, რომელიც არ ეკუთვნის ჩემს სიმამრს. რამდენიმე თანამესაკუთრე ჰყავს და მათ შორის ჩემი სიმამრიც, რომელიც იქ ცხოვრობს. ერთი თუ ორი ოთახი აქვს, ძალიან იშვიათად მივდივარ ხოლმე, საკმაოდ კარგად გრძნობს თავს და არსად აპირებს წასვლას. სოფრომაძეს არავინ აიძულებს ამ ფართის ყიდვას. მგონი, თავადაც არ უთქვამს მას იძულება და კარგი იქნება, თუ არ აყვება თავისი არაკომპეტენტური თანამშრომლების ბოდვებს“, – განაცხადა ვიცე-მერმა.
ხმალაძე ასევე გამოეხმაურა „ფრესკოს“ დამფუძნებლის ვიდეომიმართვაზე პოლიტიკოსების განცხადებებს და აღნიშნა, რომ მზად არის, შეხვდეს საკითხით დაინტერესებულ პირებს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.
„მინდა, გამოვეხმაურო ამ თემაზე აყოლილ პოლიტიკოსებს, გიგი უგულავასა და ნიკა მელიას. ბატონო გიგი, თქვენ მერი ბრძანდებოდით და ბატონო ნიკა, თქვენ მერობას აპირებდით. ვფიქრობ, ელემენტარულად უნდა იცოდეთ ქალაქ დაგეგმარების პროცესები. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ცოტა გასაკვირი იყო მათი კომენტარი ამ საკითხზე. ზოგადად, თუ ნერვიულობენ ქალაქში რა ხდება და მერია რით არის დაკავებული, შემიძლია, გამოვუყო დრო, შევხვდე და მოვუყვე დედაქალაქში რა სიკეთეები ხორციელდება და ელოდება ქალაქს მომდევნო თვეებსა და წლებში, ასევე, მოვუყვე გიგი უგულავას, როგორ ვუმკლავდებით მის მიერ დატოვებულ პრობლემებს და ზოგ შემთხვევაში, როგორ ვერ ვუმკლავდებით“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ვასილ სოფრომაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ წერეთლის გამზირზე ახალი სუპერმარკეტის აშენებას გეგმავს, მერიამ კი, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ნათესავის მიწის ნაკვეთის ყიდვა შესთავაზა.
სოფრომაძეს გუშინვე გამოეხმაურა მერის მოადგილე მაია ბითაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ეს იყო რეკომენდაციის ხასიათის მითითება, რაც რეგულარულად გაიცემა განაშენიანების გეგმის ფარგლებში.