მაია ბითაძე - ბატონი ვასილ სოფრომაძე ვერ გაერკვა ქალაქგეგმარების საფუძვლებში
მაია ბითაძე - ბატონი ვასილ სოფრომაძე ვერ გაერკვა ქალაქგეგმარების საფუძვლებში

„ფრესკოს“ დამფუძნებელს ვასილ სოფრომაძეს თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ უპასუხა.

სოფრომაძემ დღეს განაცხადა, რომ წერეთლის გამზირზე ახალი სუპერმარკეტის აშენებას გეგმავს, მერიამ კი ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ნათესავის მიწის ნაკვეთის ყიდვა შესთავაზა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ბატონი ვასილი ვერ გაერკვა ქალაქგეგმარების საფუძვლებში. მე, პირადად, მზად ვარ, შევხვდე და ავუხსნა, რაშია საქმე. როდესაც ხდება გარკვეული უბნის, თუ ტერიტორიის ფორმირება, მოწესრიგება, ჩვენ ხშირად ვიყენებთ პრაქტიკაში ამგვარ რეკომენდაციას – ვთხოვთ განმცხადებელს, შეუსაბამო ნაკვეთებზე, იქნებ ეს ტერიტორიებიც დააგეგმაროს, რათა არ დაგვრჩეს დაუგეგმარებელი, რაც ხშირად გვხდება ამ ქალაქში და ამახინჯებს თბილისის იერსახეს.

ეს არის რეკომენდაციის ხასიათის მითითება, რასაც რეგულარულად გავცემთ განაშენიანების გეგმის ფარგლებში, სადაც ასეთი ობიექტებია, რათა არ დარჩეს ისინი დაგეგმარების მიღმა. სივრცითი მოწყობის კანონმდებლობა სწორედ ამას ითვალისწინებს, რომ დაგეგმარება მოხდეს სწორად, რადგან არ დარჩეს გაუნაშენიანებელი ტერიტორია, რაზეც განაცხადია შემოსული. ეს არის რეგულარული პროცესი, როდესაც ქალაქგეგმარება ხდება. ჩვენ ვითხოვთ უბნის მოწესრიგებას. ასე რომ, ძალიან უხერხულია ბატონი ვასილის მხრიდან ასეთი ბრალდებები, მას და მის იურისტებს მოვუწოდებთ, კარგად გაერკვნენ კანონმდებლობაში“, – აღნიშნა ბითაძემ.

მერის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული საკითხის გარდა, „ფრესკოს“ მერიაში სხვა, დამატებითი დოკუმენტაციაც აქვს წარმოსადგენი.

ამასთან, კითხვაზე, არის თუ არა დამთხვევა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც სოფრომაძე საუბრობს, მერიის მაღალჩინოსნის, კერძოდ ირაკლი ხმალაძის ნათესავის საკუთრებაშია,  ბითაძე პასუხობს: „რა თქმა უნდა, დამთხვევაა. თბილისში ყველგან ყველა ცხოვრობს. იმდენი ავარიული და ხელახლა აღსადგენი უბანია, რომ არ არის გამორიცხული, ხვალ სხვა პირის ნათესავების ბინა იყოს იგივე მდგომარეობაში განხილული“.