„ფრესკოს“ დამფუძნებელი - მირჩევენ, ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავის მიწის ნაკვეთი ვიყიდო
„ფრესკოს“ დამფუძნებელი - მირჩევენ, ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავის მიწის ნაკვეთი ვიყიდო

„ფრესკოს“ დამფუძნებელი, ვასილ სოფრომაძე ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომლის ერთ-ერთი ადრესატი თბილისის მერიაა. როგორც ბიზნესმენი ამბობს, დიდუბეში, წერეთლის გამზირზე ახალი სუპერმარკეტის აშენებას გეგმავს, მერია კი ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ნათესავის მიწის ნაკვეთის ყიდვას სთავაზობს.

„ქალაქის მერიიდან ოფიციალურად მოგვდის წერილი, რომელშიც რეკომენდაციის სახით მირჩევენ, ვიყიდო ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავის მიწის ნაკვეთი. თქვენ ამას განვითარებას ეძახით?“, – ამბობს სოფრომაძე.

სოფრომაძის ბრალდებაზე თბილისის მერიაში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ამავე ვიდეომიმართვაში სოფრომაძე აცხადებს, რომ „გადააწყდა მმართველი პარტიის ლიდერის, ვინმე ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს, სადაც აღნიშნულია, რომ ეროვნული ეკონომიკის ყველა სფეროში „ქართულმა ოცნებამ“ თვალსაჩინო პროგრესი აჩვენა“. სოფრომაძე აცხადებს, რომ ამ კომენტარის შესაფასებლად „საჯარო სიტყვები არ ყოფნის“.

სოფრომაძე ასევე მუხრან მაჭავარიანის ლექსებს კითხულობს.

მიმართვის ძირითადი ნაწილი ფინანსთა სამინისტროსთან მიმდინარე დავას ეთმობა, რაზეც ბიზნესმენმა 7 მარტსაც ისაუბრა. სოფრომაძე ფინანსთა სამინისტროს ბიზნესზე ზეწოლასა და საგადასახადო დავის გაჭიანურებაში ადანაშაულებს.

მაშინ ბრალდებებს ფინანსთა სამინისტროში უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი უწოდეს. უწყებაში განაცხადეს, რომ 2018 წლის 20 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა კანონმდებლობის დაცვით დაიწყო შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. „შემოწმების შედეგად, შემდგარია შესაბამისი საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი, რომელსაც არ ეთანხმება გადამხდელი. ამ ეტაპზე, დავას განიხილავს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს 8 მარტის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი